პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს სასამართლოში მედიის მუშაობისა და სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებით ეხმაურება სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული გამჭვირვალობის პრინციპი ძირეულად იცვლება და ღიაობის ნაცვლად წესად აკრძალვა მკვიდრდება. მისი შეფასებით, ეს გააუარესებს სასამართლოს სანდოობისა და მედიის თავისუფლად მუშაობის დემოკრატიულ პრინციპებს. ლევან იოსელიანი მოუწოდებს პარლამენტს, არ განიხილოს ეს საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.
„წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სასამართლო სხდომების გაშუქება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და მოსამართლეთა მივლინების წესები, სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა არაერთი ფუნდამენტური საკითხი.
აღსანიშნავია, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების” საპარლამენტო ლიდერები კი ამბობენ, რომ ჟურნალისტს ყველაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს და აქამდე მოქმედი კანონი „ზედმეტად ლიბერალური” იყო.
„რომელ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანაშია ასე, რომ მაგალითად, ჟურნალისტი კორიდორ-კორიდორ და კაბინეტ-კაბინეტ დადის საკანონმდებლო ორგანოში. აღარაფერს ვამბობ მართლმსაჯულებასა და სასამართლო პროცესებზე. დავასახელოთ რომელი ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობაც, გნებავთ, სად შეუძლია ჟურნალისტს შევიდეს პროცესზე ნებისმიერ დროს, გააშუქოს, მათ შორის – იძალადოს და ა.შ. არცერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი რამე. ჩვენ ვცდილობთ თავსმოხვეული, ლიბერალური „დიფ სთეითიდან” კანონმდებლობა შევცვალოთ და ევროპულ ღირებულებას დავუბრუნდეთ. ეს არის ჩვენი იდეა, რომ როგორც წამყვან, ევროპულ ქვეყნებშია, ჟურნალისტს ცივილიზებულად აქვს გაშუქების უფლება, მაგრამ არა ყველგან შესვლის უფლება. აქედან გამომდინარეა ზუსტად ეს ცვლილებები, რაც ადაპტირებული და აპრობირებულია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. აქამდე არსებული კანონი თავსმოხვეული იყო ლიბერალური წესით”, – აცხადებს „ხალხის ძალის” იგივე „ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
ცვლილებების თანახმად, სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შედის.