მთავარიმსოფლიოისრაელმა ირანის წინააღმდეგ მიმართული 12-დღიანი სამხედრო ოპერაცია „ისტორიულ წარმატებად” შეაფასა

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მიმართული 12-დღიანი სამხედრო ოპერაცია „ისტორიულ წარმატებად” შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ ისრაელი აცხადებს, რომ ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ 12-დღიანმა კამპანიამ აღმოფხვრა საფრთხეები, რომლებიც ისრაელის არსებობას ემუქრებოდა.

ისრაელის თავდასხმები, რომლებსაც ოპერაცია „შემართული ლომი“ უწოდეს, მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებას და მისი სწრაფად განვითარებადი ბირთვული პროგრამის ჩამოშლას.

„ათწლეულების განმავლობაში გპირდებოდით, რომ ირანს არ ექნებოდა ბირთვული იარაღი და ეს მართლაც ასე იქნება. ამრიგად, ყველა ნაბიჯი, რომლებიც ჩვენმა მებრძოლებმა გადადგეს, ირანის ბირთვული პროგრამის ჩასაგდებად გადავდგით და თუ ვინმე ირანში ამ პროექტის განახლებას შეეცდება, იმავე მიდგომებითა და ძალით ვიმოქმედებთ, რათა ბოლო მოვუღოთ ნებისმიერ ასეთ მცდელობას. ვიმეორებ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ჰააგაში NATO-ს სამიტზე მიმავალ დონალდ ტრამპსაც მსგავსი განწყობა აქვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში რჩება, თუმცა თეირანის მიერ ბირთვული ქობინების ფლობის შანსი არ არსებობს.

„ისინი არ გაამდიდრებენ ურანს და არც ბირთვული იარაღი ექნებათ. მათ იციან, რომ დიადი სავაჭრო ქვეყანა გახდებიან. იცით, რომ ისინი არიან ძალიან კარგი ვაჭრები. მათ ბევრი ნავთობი აქვთ და ამას თავს კარგად გაართმევენ. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ირანს ეს ახლა ყველაზე ნაკლებად ადარდებს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

24 ივნისის აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ ვაშინგტონის სარაკეტო დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით შეაფერხა. პენტაგონის დაზვერვის შტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი მიწისზედა სტრუქტურებით შემოიფარგლება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანმა გამდიდრებული ურანის ნაწილი, როგორც ჩანს, თავდასხმამდე სხვა საიდუმლო ობიექტებზე გადაიტანა, ხოლო ცენტრიფუგები, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება, ძირითადად ხელუხლებელია.

ეს ანგარიში სრულიად განსხვავდება დონალდ ტრამპის მიერ 21 ივნისს გაკეთებული განცხადებისგან, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „განადგურდა“. თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა გააკრიტიკა დაზვერვის ანგარიში და ამას „ტრამპის დამცირების აშკარა მცდელობა“ უწოდა. მისი თქმით, „ყველამ იცის რა ხდება, როცა თოთხმეტი 13 600-კილოგრამიანი ბომბი ვარდება“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend