ძველი ალიანსი ახალ მიზნებს სახავს. ნატოში იმედი აქვთ, რომ ჰააგის სამიტს იმ შეთანხმებით დატოვებენ, რომ თითოეული წევრი თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 5%-მდე გაზრდის. ამგვარი მიდგომა ბევრი ევროპელისთვის ტვირთად გამოიყურება, მაგრამ უკრაინაში რუსულმა აგრესიამ თამასა გაზარდა, ისევე როგორც მოსკოვიდან მომდინარე საფრთხის აღქმა. სწორედ ამიტომ 32 მოკავშირე ქვეყნის ლიდერი ნიდერლანდებში საერთო შეთანხმების მისაღწევად შეიკრიბა. პირველი სადისკუსიო პანელი სწორედ თავდაცვითი ინდუსტრიის ზრდას დაეთმო. კონტინენტი ელის, რომ მომდევნო 5 წელიწადში რუსეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმისთვის მზად იქნება, სწორედ ამიტომ მუშაობა დაწყებულია.
„ძველი რომაული გამოთქმა გვეუბნება: „თუ გსურს მშვიდობა, მოემზადე ომისთვის”. მარტივია, გააძლიერე შენი თავდაცვა ისე, რომ არავინ გაბედოს შენზე თავდასხმა. დღეს ნატოს თავდაცვა აგრესიული გამოწვევის წინაშეა, რუსეთის სწრაფი გადაიარაღების, ჩინეთის ტექნოლოგიური დახმარებისა და ირანული თუ ჩრდილოკორეული შეიარაღების ფონზე. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება, ინოვაცია და ამაზეა პასუხი და ეს ფორუმი სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ ალიანსის ფარგლებში გავაძლიერეთ შეიარაღების წარმოება, შევთანხმდით ახალ მულტინაციონალურ პროექტებზე და ეს ნატოს ერთიანი მოქმედების საუკეთესო მაგალითია. მახარებს, რომ ინდო-წყნარი ოკეანეთიდან და უკრაინიდან პარტნიორები გვესწრებიან. მახარებს, რომ ევროპა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს 2030 წლისთვის თავდაცვისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზების თაობაზე.
არ არსებობს თავდაცვა ძლიერი წარმოების გარეშე, არ არსებობს ევროპული უსაფრთხოება ტრანსატლანტიკური კავშირის გარეშე. ასე რომ ბარიერები უნდა მოვხსნათ და წავახალისოთ ტრანსატლანტიკური თავდაცვითი ინდუსტრია – ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა მხოლოდ ერთად შეძლებს ამ გამოწვევაზე პასუხს. ეს კი გულისხმობს უკრაინასთან მუშაობას. მეტი და უკეთ უნდა გავაკეთოთ და ახლავე. წარმოუდგენელია, რომ ნატოზე 25-ჯერ ნაკლები ეკონომიკის მქონე რუსეთი ჩვენზე მეტს აწარმოებდეს და გვისწრებდეს. მეტი უნდა დავხარჯოთ, რომ ომი თავიდან ავირიდოთ, უნდა მოვიგოთ თავდაცვის ინდუსტრიაში არსებული ახალი ომი და ეს სამიტი სწორედ ამას ემსახურება. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით თითოეული წევრის ვალდებულება ამ საქმეში და ეს იქნება კვანტური ნახტომი ჩვენს თავდაცვაში”, -აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
At the #NATOsummit Defence Industry Forum, @SecGenNATO called on Allies, partners and industry to “unite, innovate and deliver” to ensure the Alliance is able to “win this new war of production”
Tap the image to read the full story ↓
— NATO (@NATO) June 24, 2025
„ევროპის მომავალი დიახ, უკრაინაში ფრონტის ხაზზე წყდება, მაგრამ არა მხოლოდ იქ, ის წყდება თქვენს ქარხნებშიც. რეკორდულ დროში თქვენ მოახერხეთ თავდაცვითი პროდუქციის გაზრდა და მოერგეთ ევროპის მიწაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებს. ევროპა აწყდება საერთაშორისო ლანდშაფტის ცვლილებას, ათწლეულების მანძილზე არსებულ უსაფრთხოებით არქიტექტურას ვეღარ დავეყრდნობით. ეს ტექტონიკური ცვლილებაა, რომელიც თაობებში ერთხელ ხდება. ევროპამ მიიღო, მათ შორის წარმოუდგენელი ზომები.
გასულ თვეებში შევძელით 650 მილიარდი ევროს მობილიზება ევროპის გადაიარაღებისა და თავდაცვის ხარჯებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ 150 მილიარდი ევროს სესხი. ეს კი 800 მილიარდ ევროს ნიშნავს მომდევნო 4 წელიწადში, რომელსაც თავდაცვაში დავაბანდებთ. ევროპული თავდაცვა საბოლოოდ გამოფხიზლდა და ხვალ სამიტზე უკვე ახალ ისტორიულ მიზანს დავისახავთ იმაზე, თუ რამდენი და როგორ უნდა დავხარჯოთ შემდეგ წლებში. რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა უკრაინაში ბევრი რამ შეცვალა, მან გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზზე წარმოქმნილი გამოწვევებისთვის მზადყოფნა.
ჩვენ ვსწავლობთ უკრაინის გამოცდილებით, რომელსაც ისინი ფრონტის ხაზზე აგროვებენ. სამუშაო გაქვთ ჩვენც და თქვენც. ჩვენი სეიფი ღია იქნება არა მხოლოდ წევრებისთვის, არამედ კანდიდატი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა უკრაინა, ან პარტნიორებისთვის დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კორეიდან თუ კანადიდან. 2030 წლისთვის ევროპას უნდა ჰქონდეს ყველაფერი დამაჯერებელი თავდაცვისა და შეკავებისთვის”, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
We are integrating our defence industries as if Ukraine was in the EU.
This is good for Ukraine. And just as good for Europe, as Ukraine is now home to extraordinary innovation.
In the end, strength is the ultimate security guarantee ↓ https://t.co/W2tiPCurLc
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 24, 2025
კვანტური ნახტომისთვის წინაპირობები მზადაა, 800 მილიარდი ევრო, რომელიც ევროპამ თავდაცვის ხარჯებისთვის გამოყო, ამ მხრივ პირველი სერიოზული ნაბიჯია. ეს ნაბიჯი კი თანხვედრაშია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მრავალწლიან მოთხოვნასთან, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვით ფონდში ინვესტიციები გაათანაბრონ. აშშ-ის პრეზიდენტი ნიდერლანდებში უკვე გაფრინდა, მისთვის ცენტრალური საკითხი სწორედ ამ შედეგის მიღწევა იქნება, შესაბამისად, ანალიტიკოსები ელიან, რომ ტრამპი ნაკლებად ისაუბრებს იმ ომებზე, რომლებიც ნატოს სამიტის პარალელურად ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარეობს. რაც შეეხება კოლექტიურ თავდაცვას, აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი გამოთქმებით ის რამდენჯერმე დააყენა ეჭვქვეშ, სწორედ ამიტომ მე-5 მუხლზე შეკითხვები მისი მისამართით ისევ ისმის.
„გააჩნია, რა განსაზღვრებას აძლევთ მე-5 მუხლს, მისი ბევრნაირი გაგება შეიძლება. მე ერთგული ვარ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოების მიმართ. თუ ზუსტად რას ვგულისხმობ, ამას ჰააგაში ჩასვლისას გეტყვით. მე ბევრი ნატოელი ლიდერის მეგობარი გავხდი და მათი დახმარების გაგრძელება მსურს. ვფიქრობ, ერთიანი სისტემით უფრო ძლიერ მშვიდობას მივაღწევთ. როდესაც ნატოში მივედი, ის გატეხილი იყო, წევრები საკუთარ თავდაცვაში ფულს არ იხდიდნენ. მე მათ მოვთხოვე თანხა გადაეხადათ – 5% ნამდვილად უკეთესია. მე უნდა ჩავხედო ნატოს საბოლოო დეკლარაციას, მანამდე კი მაინტერესებს რუსეთთან შეთანხმების დეტალები”, – პასუხობს ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ამაზე საუბარი დონალდ ტრამპს ჰააგაში ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც შეეძლება. მესამე წელია, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეკრებებზე უკრაინის პრეზიდენტი საგანგებო სტუმარია. მას ჰააგაში თბილად დახვდნენ და გაუმყარეს იმედები იმის თაობაზე, რომ ევროპა კიევის მხარდაჭერას სერიოზულად უყურებს. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს შეახსენა, რომ ჯერ კიდევ რჩება ხვრელები, რომლითაც რუსეთის თავდაცვითი სისტემა ევროპის ქვეყნებიდან მარაგდება, რაც შესაცვლელია.
„მადლობა უკრაინის მიმართ თქვენი მხარდაჭერისთვის, აქ საკვანძო სიტყვა „ერთობაა”. ჩვენ გვესმის, რომ ევროპული ცხოვრების წესის მტერი რუსეთია. სინამდვილეში ჩვენ არ ვუმკლავდებით მხოლოდ რუსეთს, არამედ ქსელს რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინური კომპანიებისა თუ ირანის ჩართულობით. მხოლოდ ერთად შეგვიძლია ამას გავუმკლავდეთ, საუკეთესო გზა კი ამ აგრესიის გულში დარტყმაა, აგრეთვე იმ კავშირების გაწყვეტით, რომლებიც მათ ერთმანეთთან აახლოებს.
ჩვენი ერთობლივი წარმოება და რუსეთზე სანქციები ამაში გვეხმარება. რუსეთი თავდაცვისთვის იყენებს არა მხოლოდ ნავთობის შემოსავალს, არამედ ჩრდილოეთ კორეისა თუ ირანის რეჟიმების წყაროებს. ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა რუსეთის ომზე საუკეთესო პასუხია. არ არსებობს იმის ნიშნები, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. რუსეთი უარყოფს ყველა შეთავაზებას, შესაძლოა საკუთარი პოლიტიკური გადარჩენის გზას სწორედ მის იმ შესაძლებლობას უკავშირებს, რომ გააგრძელოს მკვლელობა. ვიდრე კლავს – ცოცხლობს კიდეც. ამას ჩვენი დაზვერვაც ადასტურებს.
რუსეთი გეგმავს ახალ ოპერაციებს ნატოში და ეს ომი უკვე დაწყებულია უკრაინაში. არაა ეჭვი, რომ პუტინი უნდა შევაჩეროთ უკრაინაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მისი მიზნები უკრაინას სცდება. ჩვენ გვჯერა, რომ თავდაცვის ხარჯების 5%-ამდე ზრდა სწორი ამოცანაა. ეს ევროპაში მშვიდობის შანსებს გაზრდის. მინდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ქვეყნები და კომპანიები არ ეხმარებიან რუსეთს. არ არსებობს ერთი ხელშესახები რუსული იარაღი, რომელსაც სხვა ქვეყნიდან რომელიმე კომპონენტი არ სჭირდებოდეს, სამწუხაროდ, ზოგიერთ ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნებიდან ეს უნდა შეწყდეს. ყველაფერი, რაც რუსეთის თავდაცვის სექტორში ხვდება ომის გაგრძელებას უწყობს ხელს და ხელს უშლის მშვიდობას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი თავდაცვის პოტენციალი მშვიდობას ეხმარება და არა რუსეთის სიგიჟეს“, – მიმართა სამიტის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჰააგაში ნატოს სამიტის მთავარი დღე 25 ივნისია. სწორედ ამ დღეს გაიმართება ალიანსის პლენარული სესია, შედგება შეხვედრები მსოფლიოს ყველაზე ძლიერ გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის. სამიტის ბოლოს კი, შეჯერდება დეკლარაცია, რომელმაც ნატოს სამომავლო ნაბიჯები უნდა განსაზღვროს.