„ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“, – ვკითხულობთ „საერთო სასამართლოების შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კენჭს კვირის ბოლომდე უყრიან.
ეს სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებათაგან ერთ-ერთია. ამავე პროექტის ფარგლებში მოსამართლესთან „უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრეც” ფართოვდება – სუბიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ კონკრეტული განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, არამედ „ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას ცდილობს“.
კანონპროექტში ასევე წერია, რომ აიკრძალება „ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვაც. პროექტი „ქართული ოცნების“ ათმა დეპუტატმა მოამზადა და მას პარლამენტი სხვა არაერთი კანონპროექტის მსგავსად დაჩქარებული წესით განიხილავს.