მთავარისაქართველოახალი გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე გახდა

ახალი გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე გახდა

საქართველოს პარლამენტში ახალი გენერალური პროკურორი დაამტკიცეს. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი გიორგი გვარაკიძე დაინიშნა.

პლენარულ სხდომამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმინა. თავისი ხედვის წარდგენისას გვარაკიძემ მთავარ მიზნად, ნარკოპოლიტიკის მკაცრად აღსრულება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება დაასახელა.

“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დასაცავად, პროკურატურის ღია საკომუნიკაციო არხებზე, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის გასაგებ ენაზე, განსათავსებელია ინფორმაცია ამ დანაშაულის მზარდი ხასიათის, საფრთხეების, უფლების დარღვევის გავრცელებული მეთოდების და თავის დაცვის საშუალებების შესახებ.

სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, ფულის გათეთრების, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს შორის გამოვყოფდი: სტუქტურულ ოპტიმიზაციას, გამომძიებელთა თემატურ გადამზადებას, დანაშაულებრივი ქონების მოძიების და ამოღების მექანიზმების გააქტიურებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეუძლებელია სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულება და დანაშაულის პრევენცია ინფორმირებული მოქალაქის გარეშე. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შენარჩუნებაზე ვიზრუნებ.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად, ვემხრობი პროკურორთა განგრძობადი გადამზადების პრაქტიკას ნარკოტიკული დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების დადგენისა და კვალის მიდევნების მეთოდებზე, მათ შორის, ციფრულ ვალუტაში კონვერტირებული ქონების მოძიების შესაძლებლობებზე და მტკიცებულებათა მოპოვების ახალ მეთოდებზე“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

მმართველი პარტიის ოპონენტები ახალი გენერალური პროკურორის შეფასებისას ამბობენ, რომ ის მისი საქმიანობით, არა სამართლის აღმსრულებელი, არამედ მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend