ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში დაგეგმილი NATO-ს სამიტი წელს ბოლო წლებთან შედარებით, განსხვავებული იქნება და ამ განსხვავების მთავარი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ვაშინგტონმა თავისი ყურადღების მთავარი ობიექტი რამდენჯერმე შეცვალა. თავდაპირველად ეს ყურადღება უკრაინაში რუსეთის ომისკენ იყო მიმართული, შემდეგ კი ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ. თუმცა ბოლოს დღეებში შტატები ყურადრება მთლიანად ირანის ბირთვულ განიარაღებას დაეთმო.
„ეს სამიტი წინა წლებში გამართულ სამიტებს მნიშვნელობით ნამდვილად ჩამოუვარდება. ეს უნდა ყოფილიყო სამიტი, რომელიც რუსეთზე იქნებოდა ფოკუსირებული. ეს იყო მთავარი საკითხი, თუ რა პოზიცია აქვთ NATO-სა და ევროპას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და როგორ აისახება ეს უკრაინასთან ურთიერთობაზე. ეს საკითხი ნამდვილად გვერდზე გადადეს. სამიტი ახლა ერთადერთ რამეზეა ორიენტირებული – ტრამპის დამშვიდებაზე და როგორც ჩანს, ამ პროცესში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვაზე, 5%-იან ხარჯს დათანხმდებიან“, – ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი, მაქს ბერგმანი.
NATO-ს წევრი ქვეყნები აშშ-ის პრეზიდენტის არაპროგნოზირებადობას უკვე შეეჩვივნენ და თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-დან 5%-მდე გაზრდას მხარს უჭერენ. ეს ზრდა განპირობებულია არამხოლოდ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, არამედ საკუთარი თავდაცვის გაძლიერებისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდაჭერის შენარჩუნების სურვილით.
„ვფიქრობ, მათ ეს უნდა გააკეთონ. დიდი ხანია NATO-ს მხარს ვუჭერთ და მგონი, ხარჯების თითქმის 100%-ს ვფარავთ. ამრიგად, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ დონალდ ტრამპის ამ მოთხოვნაზე დათანხმებით NATO-ს წევრები ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის პროცესს დააჩქარებენ. როგორც ჩანს, პენტაგონი მსოფლიოში ძალების ეფექტიანად განაწილებაზე მუშაობს და ამ პროცესში მნიშვნელოვანი შემცირებები სურს.
„ევროპელები ფიქრობენ, რომ თანხმდებიან ხარჯების ზრდას ტრამპის დასამშვიდებლად და მისი მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, როდესაც სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ხარჯების გაზრდით NATO ტრამპის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს თქვას, რომ ევროპელებმა თავდაცვის საკითხში წარმატებას მიაღწიეს და ევროპაში ჩვენი ყოფნის საჭიროება აღარაა. სამიტის ჩრდილში მთავარი ისაა, რომ პენტაგონი აკვირდება თავისი ძალების ყოფნის აუცილებლობას ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ცდილობს მათ შემცირებას“, – ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი, მაქს ბერგმანი.
პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ოფიციალური განცხადებები ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ევროპელებს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა მალე შესაძლოა თავად მოუწიოთ.