მთავარიამერიკააშშკანიბალიზმი, ცხედრების დანაწევრება, კასტრაცია - ჰააგის სასამართლო სწავლობს მასალებს, რომლებშიც „ვაგნერიც” ფიგურირებს

კანიბალიზმი, ცხედრების დანაწევრება, კასტრაცია – ჰააგის სასამართლო სწავლობს მასალებს, რომლებშიც „ვაგნერიც” ფიგურირებს

ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის იურისტთა ჯგუფმა მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, შეისწავლოს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” მიერ დასავლეთ აფრიკაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაული.

ეს მასალები შეისწავლა გამოცემა „ესოშიეითიდ პრესმა”, რომელიც წერს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები შეურაცხყოფდნენ გარდაცვლილთა ცხედრებს, ანაწევრებდნენ მათ სხეულებს და კვეთდნენ თავებს, ზოგიერთ შემთხვევაში საუბარია კასტრაციასა და კანიბალიზმზეც.

გამოცემის თანახმად, ამ დანაშაულის ამსახველი ვიზუალური მასალა იტვირთებოდა ტელეგრამ არხებზე, რომლებსაც სავარაუდოდ ვაგნერის მოქმედი ან ყოფილი წევრები მართავენ.

„ესოშიეითიდ პრესი” წერს, რომ გასული წლის ივლისში რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან” დაკავშირებულმა ტელეგრამ არხმა სამი ვიდეო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ვიდეოში ორი თეთრკანიანი მამაკაცი ფიგურირებს, მათ გვერდით კი  ჩანს სავარაუდოდ ადამიანის სხეული, რომელსაც ცეცხლზე წვავენ – წარწერით „ხორცი, რომელზეც ნადირობ, უფრო გემრიელია“. გაზიარებულ ვიდეომასალას თან ახლავს რუსული დროშის გრაფიკული გამოსახულება.

„ეს ვიზუალური მასალები დიდ ინტერესს იწვევს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შემოსავლის წყაროც არის. ყველაზე შოკისმომგვრელი ამაში ის არის, რომ რაც უფრო თვალსაჩინოა მსგავსი მასალები, მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს და მეტად იზრდება მსგავსი ჯგუფები“, – ამბობს ლინდსი ფრიმანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის წარმომადგენელი.

გამოცემა „ესოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, მასალებში ვაგნერის გარდა ფიგურირებენ მათი თანამებრძოლები, მალის შეიარაღებული ძალებისა და ადგილობრივი დაჯგუფება „დოზოს“ წარმომადგენლებიც. ერთ-ერთ ვიდეოზე მალის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმაში მყოფი მებრძოლი ამზადებს რაღაცას, რასაც სხეულის ნაწილებს უწოდებს, სხვა ვიდეოზე კაცი, რომელიც ჩაცმულია დაჯგუფება დოზოს ფორმაში, ჭრის ადამიანის სხეულს და ამბობს, რომ ღვიძლის შეჭმას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ არხების ადმინისტრატორები ანონიმურობას ინარჩუნებენ, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ისინი „ვაგნერის” მოქმედი ან ყოფილი წევრები არიან, რადგან ზოგიერთ მასალაზე „ვაგნერის” ლოგოტიპია გამოყენებული.

„მას შემდეგ, რაც ვაგნერი მალიში ომში ჩაერთო, გაიზარდა ომის დანაშაულისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები, მათ შორისაა თავის მოკვეთა, სხეულის დანაწევრება და სხვა ტიპის სასტიკი ქმედებები, ამის შესახებ ვიცით, რადგან ისინი ფაქტების ამსახველ ვიდეოებს იღებენ და სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე” ათავსებენ“, – ამბობს ლინდსი ფრიმანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის წარმომადგენელი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალმა მიდგომებმა ისეთ სისასტიკეებს მიაღწია, როგორიც რეგიონში ათწლეულებია არ ყოფილა. მდგომარეობა მალიში მას შემდეგ გაუარესდა, რაც გაეროს სამშვიდობო მისია 2023 წელს ქვეყნიდან ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend