კრემლში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ისლამური რესპუბლიკის დიპლომატს თეირანის პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერზე მკაფიოდ ისაუბრა სრულიად რუსეთის სახელით.
ასევე თქვენთვის ცნობილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენ მიერ გამოხატული პოზიცია. ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს.
ირანთან ჩვენ დიდი ხნის მჭიდრო და სანდო ურთიერთობები გვაკავშირებს. ჩვენი მხრივ ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ დახმარება გავუწიოთ ირანელ ხალხს. როგორც იცით, გავმართე სატელეფონო საუბარი როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე ისრაელის პრემიერ-მინისტრთან. ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და თქვენი ქვეყნის პრეზიდენტებს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
22 ივნისს აშშ-ის იერიშები ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და მას „მიუღებელი“ უწოდა. იგივე პოზიცია გამოხატა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.