მთავარისაქართველო„მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ” - მორიგი სხდომა მზია ამაღლობელის საქმეზე

„მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ” – მორიგი სხდომა მზია ამაღლობელის საქმეზე

„მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ…“ – ამ სიტყვებით მიმართა მზია ამაღლობელმა მოსამართლეს რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე ვიდრე ნინო სახელაშვილი ჟურნალისტის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. 23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ განიხილა მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში უნდა დარჩეს.

„სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში სხდომიდან სხდომამდე პროცესები ისე ვითარდება, ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს. იმიტომ რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, სტუდენტებს იჭერენ, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს.

მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, როგორც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით. სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში. იმიტომ კი არა, რომ მისაღებია – იმიტომ რომ დღეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რეჟიმისა და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ“, – თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, რომელმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს 14 იანვარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, დღესაც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მზია ამაღლობელის მიერ „ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ შესუსტებულა, და შესაბამისად, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს“.

„მზია ამაღლობელი ტყვეა“, – თქვა ჟურნალისტის ერთ-ერთმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მაშინ, როცა სასამართლო მზია ამაღლობელის პატიმრობაზე მსჯელობდა. მანვე დასძინა, რომ მოსამართლისგან სამართლიან გადაწყვეტილებას არც ამჯერად ელოდა. სხდომის დასრულების შემდეგ კი ადვოკატმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები მხოლოდ ფორმალობაა.

„სამწუხაროდ, სრულ ფიქციად იქცა და შეურაცხმყოფელიც არის ამ პროცესში მონაწილეობა. სჯობს სასამართლომ საერთოდ თქვას, რომ ფორმალურადაც არ განიხილავს ამ საქმეს… ყველაზე კარგად მზია ამაღლობელმა უთხრა სასამართლოს – „მე არ ვითხოვ გულმოწყალებას. მოიქეცით ისე, როგორც სამართალი და სინდისი გიკარნახებთო…“ რამე განსაკუთრებული მოხდა და არ ველოდებოდით-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც პროფესიული მოლოდინი მაინც მაქვს, რომ ადამიანი ამას უკვე ვეღარ გააკეთებს, ვეღარ დაძლევს და ასეთ უკანონობაზე ვეღარ წავა, თუმცა ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული ვარ. სასამართლო მოიქცა ისე, როგორც ყველა სასამართლო იქცევა ამ ქვეყანაში და მზია ისევ არა პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში დატოვა“, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ვიდრე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავდა, სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეს მოუსმინეს – მხარეთა კითხვებს აკაკი გვიანიძემ უპასუხა. იგი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და მონაწილეობდა 11-12 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს.

მოწმემ გაიხსენა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები აქციაზე და რა უძღოდა წინ მზია ამაღლობელის ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დაკავებას.

მოწმის გამოკითხვის შემდეგ კი სასამართლო დაცვის მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევდა. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟურნალისტს მხედველობასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ პრობლემა, რომელიც ჟურნალისტს მანამდეც ჰქონდა, კიდევ უფრო გამწვავდა. ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო კვლევით, მზია ამაღლობელის მხედველობის დონე მარჯვენა თვალში 10%-ია, მარცხენა თვალში კი 0.04%, რაც „ფაქტობრივად სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ ცდება”.

მზია ამაღლობელის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვა უკვე დასრულებულია. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს – სასამართლოს წინაშე მომდევნო სხდომებზე კიდევ რამდენიმე მათგანი წარდგება. მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე და თავად მზია ამაღლობელი.

დღევანდელი სხდომის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან კვლავ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები. „თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, – ეს შეძახილები სასამართლოს ეზოში დღესაც არაერთხელ გაისმა.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, დამფუძნებელი ხუთ თვეზე მეტია პატიმრობაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე მომდევნო სხდომა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 4 ივლისს ჩანიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend