საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
კომისიის წევრებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, დავით ბაქრაძეს მოუსმინეს. დიპლომატი სხდომას დისტანციურად დაესწრო.
მისი თქმით, წლების განმავლობაში, ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პირები, ევროპარლამენტში ლობირებდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ ამოქმედებულიყო.
დავით ბაქრაძის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისთვის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე მაღლა ძალაუფლების დაბრუნება იყო.
„გამოიკვეთა, რომ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ. ყველა ამ შეხვედრაზე ევროპარლამენტარი იყო, კომისიის წარმომადგენელი თუ ექსპერტი, ყველა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო, როგორ შეიძლება, პროევროპული შეხედულებების მქონე, იმ პერიოდისთვის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – თქვა დავით ბაქრაძემ.
23 ივნისის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ე.წ. „ჩორჩანას საქმე“, რომელზეც კომისიამ ექსპრემიერი, გიორგი გახარია დაიბარა.
22 ივნისს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც დაადასტურა კომისიის სხდომაზე გამოცხადების მზაობა, თუმცა, ქვეყანაში არყოფნის გამო, დისტანციურად.
გიორგი გახარიას პარტიის თანახმად, კომისიამ ამაზე უარი განაცხადა და სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფიზიკურად გამოცხადება მოითხოვა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნებისა“ და პარტიის ინიციატივით შექმნილი კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი. მისი თქმით, ყველა ის პირი, ვინც კომისიაზე დისტანციური ფორმატით ჩაერთო, იყო ან მოწმე ან დაზარალებული. თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ მათგან განსხვავებით, გიორგი გახარია უშუალოდ ჩორჩანას საკითხზე პასუხისმგებელი პირია.