უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მიერ სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაში ინტერვენციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა შეერთებული შტატებისთვის წარმოდგენა დადგა და ამით ნათლად გამოამჟღვანა თავისი განზრახვა.
სხვადასხვა საკითხზე საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინული მხარე გააფრთხილა, რომ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს, თუ კვლავ უარყოფს მშვიდობასთან დაკავშირებულ რუსეთის პირობებს.
პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთელი უკრაინა რუსეთს ეკუთვნის, თუმცა ამავე დროს დასძინა, რომ მზადაა, აღიაროს უკრაინის სუვერენიტეტი, თუ კიევი ასევე აღიარებს მოსკოვის ტერიტორიულ მიღწევებს და უარს იტყვის ნატოში გაწევრებაზე.
„გუშინ პუტინმა სპექტაკლი გამართა და ის ძირითადად შეერთებულ შტატებს ეძღვნებოდა. მან ღიად ისაუბრა. დიახ, მას მთელი უკრაინა უნდა – და ეს მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში ან 2014 წლიდან კი არ სურდა, არამედ მანამდეც, რადგან იგი თავადაც ასე ჩამოაყალიბა რუსულმა იმპერიალიზმმა. როდესაც ის საუბრობს უკრაინაზე ან სხვა ადგილებში მყოფ რუს ჯარისკაცებზე, ის ასევე ფიქრობს ბელარუსზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, მოლდოვაზე, კავკასიაზე, ყაზახეთის მსგავს ქვეყნებსა და დედამიწის ყველა ადგილზე, სადაც რუს მკვლელებს ხელი მიუწვდებათ. პუტინის ძალა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება რუსი მკვლელების შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ჩვენ რუს ოკუპანტებს ყოველ ნაბიჯზე დავაწევთ უკრაინულ დრონებს. უკრაინა თავს დაიცავს. ჩვენ ყველას ნათლად გვესმის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა უკრაინელების გადარჩენის საკითხია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.