აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე მიტანილი იერიშის შემდეგ თეირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.
გაეროში ირანის ელჩმა გააკრიტიკა ვაშინგტონის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ თეირანი პასუხის „დროს, ბუნებასა და მასშტაბს“ თავად გადაწყვეტს.
„ირანის პროპორციული პასუხის დროს, ბუნებასა და მასშტაბს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გადაწყვეტს. ისტორიის განმავლობაში, ძლიერ და ერთიან ირანელ ერს უფრო ღრმა ჭრილობებისთვისაც გაუძლია და უფრო სასტიკ მტრებსაც დაპირისპირებია და ამჯერად ის მსოფლიოს თავის ღირსებას, ძალასა და სიდიადეს აჩვენებს“, – განაცხადა გაეროში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, ამირ საეიდ ირავანიმ.

22 ივნისს აშშ-ის საჰაერო ძალებმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია „შუაღამის ურო“, რომლის ფარგლებშიც ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი: ფორდო, ნატანზი და ესფაჰანი დაბომბა. მოგვიანებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
აშშ-ის გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვაშინგტონის კრიტიკას მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უპასუხა და აღნიშნა, რომ კრიტიკოსებიც კი თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონოდა.
„ირანის ბირთვული შესაძლებლობები ნამდვილად შესუსტდა. საბოლოოდ, თუ ირანი ბირთვული იარაღის მქონე ძალად გადაქცევას გადაწყვეტს, ვფიქრობ, ეს რეჟიმს რისკის ქვეშ დააყენებს. მართლაც ასეა. ვფიქრობ, რომ თუ ისინი ამის გაკეთებას ეცდებიან, ეს რეჟიმის დასასრული იქნება. ტექნიკური თვალსაზრისით, პროცესი ნამდვილად შეფერხდა არა მხოლოდ იმის გამო, რაც გუშინ ღამით გავაკეთეთ, არამედ ისრაელის მიერ წინასწარ გაწეული სამუშაოს გამოც. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ირანზეა. თუ მათ სურთ ბირთვული რეაქტორები, რათა ჰქონდეთ ელექტროენერგია, მსოფლიოში ბევრი სხვა ქვეყანაა, რომელიც ამას ურანის გამდიდრების გარეშე აკეთებს. ეს ირანსაც შეუძლია, მაგრამ თუ მათ სურთ მთაში დამარხული საიდუმლო ობიექტები, რომელსაც ვერავინ დაინახავს და ინსპექტორებს იქ შესვლა მხოლოდ თეირანის სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ესაა ის, რაც მათ სურთ, მაშინ დიდი პრობლემები შეექმნებათ, რადგან ირანული რეჟიმი საშიში, ძალადობრივი და რადიკალურია. არ ვგულისხმობ ირანელ ხალხს, მათთან პრობლემა არ გვაქვს. გუშინ ირანელი ხალხი არ დაგვიბომბავს, ჩვენ ბირთვული ობიექტები დავბომბეთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
ვაშინგტონის პოზიცია გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, დოროთი შეამააც დაიცვა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა დაუშვებელია.
„ბოლო კვირების განმავლობაში ირანელმა ოფიციალურმა პირებმა მტრული რიტორიკა გააძლიერეს. დიდი ხანია, რაც ირანის ბირთვული პროგრამა ბუნდოვანია და თეირანი ხელს უშლის ბოლო დროს გამართულ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერი შეთანხმების მიღწევას. ქალბატონო პრეზიდენტო, საბოლოოდ დადგა დრო, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი ქმედებები მტკიცედ დაიცვას. ირანულ რეჟიმს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა. მოდით, ნათლად ვთქვათ, ირანი ესკალაციაზე არ უნდა წავიდეს“, – განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, დოროთი შეამ.
დოროთი შეას პოზიციას დაეთანხმა გაეროში ისრაელის ელჩი. მან გააფრთხილა გაეროს უშიშროების საბჭო, რომ ისრაელისა და აშშ-ის უმოქმედობის ფასს მთელი მსოფლიო გადაიხდიდა, რადგან ბირთვული ირანი ყველასთვის სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა.
22 ივნისის სამხედრო ოპერაციის დეტალებზე შეერთებული შტატების შტაბების თავმჯდომარემ, დენ კეინმა ისაუბრა.
„აშშ-ის სამხედრო ძალამ ამ ოპერაციის დროს დაახლოებით 75 მართვადი იარაღი გამოიყენა. როგორც პრეზიდენტმა გუშინ ღამით განაცხადა, მათ შორის იყო 14 13 600 კილოგრამიანი GBU-57 ტიპის მასიური ბომბები, რომლებიც პირველად გამოვიყენეთ. ვიცი, რომ მიყენებული ზიანი დიდ ინტერესს იწვევს. ამის ზუსტად თქმას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა პირველადი შეფასებები მიგვითითებს, რომ სამივე ბირთვულ ობიექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ამ მისიაში 125-ზე მეტი ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის B-2 სპირიტი“, – განაცხადა დენ კეინმა.
We face a stark choice amid the escalation in the Middle East.
One way leads to wider war, deeper suffering & serious damage to the international order.
The other leads to de-escalation, diplomacy & dialogue.
We know which way is right.
We cannot & must not give up on peace. pic.twitter.com/kBt1DLQjLG
— António Guterres (@antonioguterres) June 22, 2025
22 ივნისის თავდასხმის შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა, თუმცა მათი უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ უპასუხებს თეირანი ვაშინგტონის თავდასხმას, თუმცა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ „ნებისმიერი ნაბიჯი ესკალაციისკენ თეირანს ძალიან დიდ ტრაგედიას მოუტანს“.