მთავარიგადაცემებიEuropeans' Storiesლითიუმი და სხვა იშვიათმიწა ლითონები: კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიღების ახალი...

ლითიუმი და სხვა იშვიათმიწა ლითონები: კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიღების ახალი სტრატეგია ევროკავშირში

ევროპა ინვესტიციებს ზრდის ადგილობრივი წიაღისეულის მოპოვებაში, რათა შეამციროს დამოკიდებულება იმპორტზე და ამავდროულად ხელი შეუწყოს უფრო მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლას. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც მიმდინარეობს ერთ-ერთი პროექტი ევროკავშირის იმ 47 სტარტეგიული პროექტიდან, რომელთა მიზანიც ნედლეულის მოპოვების წახალისება და იმპორტის შემცირებაა.

ევროპა სულ მალე მეტი წიაღისეულის მოპოვებას დაიწყებს. გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და კონფლიქტებმა,  მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომმაც,  ევროპა დააფიქრა, თუ რამდენად სარისკოა, როდესაც ძირითადი რესურსების მოწოდების თვალსაზრისით მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე ხარ დამოკიდებული. ის ლოგიკა, რაც რუსული ბუნებრივი აირის შემთხვევაში ჩამოყალიბდა, ვრცელდება ისეთ ე.წ. კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალებსა და ბუნებრივ რესურსებზეც, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკისთვის.

ევროკავშირს სურს, რომ უფრო თვითკმარი გახდეს, ხელი შეუწყოს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების გაზრდასა და მათი მოწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციას.

ევროკავშირს სჭირდება კრიტიკული მნიშვნელობის მქონე წიაღისეული, რათა თავის მწვანე შეთანხმებაში ჩადებული კლიმატნეიტრალობასთან დაკავშირებული მიზნები შეასრულოს, რომელთა შორისაც არის: ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა, უსაფრთხოება და თავდაცავა, ასევე კოსმოსისა და ინოვაციური მრეწველობის განვითარება.

ევროკავშირში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნედლეულის 34 სახეობა განსაზღვრეს, მათ შორის არის ლითიუმი, კობალტი, იშვიათმიწა ლითონები და მაგნიუმი. თუმცა კრიტიკული ნედლეულის მოწოდების ჯაჭვები ძალიან მაღალ რისკს შეიცავენ. მაგალითად, მსოფლიოში კობალტის 63% კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოიპოვება. ხოლო იშვიათმიწა ლითონებს, რომლებსაც მუდმივი მაგნიტის მისაღებად იყენებენ, 100%-ით ჩინეთში ამუშავებენ.

2024 წელს ევროკავშირმა მიიღო კრიტიკული ნედლეულის შესახებ აქტი, რათა წაახალისოს ადგილობრივი სტრატეგიული ნედლეულის ბაზის განვითარება. აქტის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროპამ  წიაღისეულზე თავისი მოთხოვნის 10% თავად უნდა მოიპოვოს, თავადვე დაამუშაოს –  40% და გადაამუშაოს  – 25%.   ნედლეულის თითოეულ სახეობაზე ევროკავშირის წლიური მოთხოვნის 65%-ზე მეტი არ უნდა შევიდეს მის ფარგლებში მესამე ტიპის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან.

წიაღისეულის მოპოვების დიდი ხნის ისტორია აქვს ჩეხეთის რესპუბლიკის დასავლეთით, გერმანიის საზღვართან მდებარე ამ რეგიონს. აქ თუნუქისა და ვოლფრამის მადნებს ამუშავებდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული 1990-იან წლებამდე, როდესაც მათი მოპოვება აღარ იყო მომგებიანი. დღეს აქ მხოლოდ მუზეუმია, თუმცა ენერგეტიკის გარდამავალი ეტაპი მას შესაძლებლობის ახალ ფანჯარას უხსნის.

ლითიუმი ბატარეების წარმოებისთვის აუცილებელი ელემენტია და ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა ამ ადგილას მსოფლიოში არსებული ლითიუმის მარაგის 3-დან 5 პროცენტამდე დევს. კერძო კომპანია Geomet-ი , რომელშიც სახელმწიფოსაც აქვს წილი, მუშაობს ისეთი საწარმოო ჯაჭვის შექმნაზე, რომელიც გარემოს არ დააზიანებს. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ 47 სტარტეგიულ პროექტს შორის, რომლებიც ევროკომისიამ შეარჩია ადგილობრივი სტრატეგიული ნედლეულის მარაგის გაზრდის მიზნით.

“ჩვენ წელიწადში თითქმის 3 მილიონი ტონა მადნის მოპოვებას ვაპირებთ და წელიწადში 30 ათას ტონა საბოლოო პროდუქტს ვაწარმოებთ,“ – ამბობს ტომაშ ვრბიცკი, Geomet-ის გეოლოგი.

კომპანია გეგმავს, რომ არა მხოლოდ მოიპოვოს მადანი, არამედ აწარმოოს კიდეც ლითიუმის კარბონატი –  ბატარეების ინდუსტრიისთვის აუცილებელი ძირითადი ინგრედიენტი. იშვიათად ხდება, რომ კომპანიამ მთელი საწარმოო პროცესი დამოუკიდებლად დაასრულოს ისე, რომ მესამე ქვეყანას არ სთხოვოს დახმარება. თუმცა ასეთი პროცესი პრობლემებსაც ბევრს შექმნის და უფრო ძვირიც დაჯდება.

რამდენად რეალისტურია ევროპის გეგმები?

2030 წლისთვის ევროპამ  წიაღისეულზე თავისი მოთხოვნის 10% თავად უნდა მოიპოვოს, თავადვე დაამუშაოს –  40% და გადაამუშაოს  – 25%.   სტარი იარომირი, ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის დეპარატმენტის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ ასეტ მოკლე ვადაში ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია:  “ჩემი აზრით, ეს მიზანი არ არის რეალისტური, რადგან ზოგიერთი კრიტიკული ნედლეული არ გვხვდება ევროპის კონტინენტზე და ამჟამად არავინ მოიპოვებს აქ.“

ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის კიდევ ერთ თანამშორმელს გაბრიელ ზბინეკს ვკითხეთ, რომ კრიტიკული ნედელულის მნიშვნელობის გამო ევროკავშირი თვალს ხომ არ ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ მოპოვება გარემოს აბინძურებს. თუმცა იგი ფიქრობს, რომ მოპოვების ტექნოლოგია, ასევე მისი ზედამხედველობისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობა ძალიან დაიხვეწა დღეის მდგომარეობით, მაგრამ თან დამაატა: „ მეორე მხრივ, ევროკავშირში ნამდვილად ძალიან გვჭიდრება ეს ნედლეული. და ცოტა არ იყოს პირფერობა იქნებოდა მეთქვა, რომ აქ არვითარი მოპოვება არ გვინდა და თუკი წიაღისეულს მსოფლიოს სხვა ნაწილში  მოიპოვებენ, ეს არ გვადარდებს. მითუმეტეს, თუკი ეს ჩვენს საკუთარ უკანა ეზოში არ მოხდება.“

ნებისმიერი მინერალის მოპოვება გარემოს რაღაც ხარისხით აბინძურებს. ამას მთლიანად ვერ აიცილებ თავიდან, მაგრამ მისი უკიდურესად შემცირება შესაძლებელია. ევროპის წინაშე ახლა დგას ამოცანა, იპოვოს წონასწორობის წერტილი გარემოს ნაკლებად დამაბინძურებელ ინდუსტრიასა და ეკოლოგიურ წარმოებასთან დაკავშირებულ  მაღალ ხარჯებს შორის.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend