ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ვიდეომიმართვით უპასუხა, ვაშინგტონისა და თელ-ავივის განცხადებებს დანებების თაობაზე.
„ ირანი მტკიცედ დადგება თავსმოხვეული ომის წინააღმდეგ, ისევე როგორც მტკიცედ დადგება თავსმოხვეული მშვიდობის წინააღმდეგ“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ, ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ გაავრცელა.
ირანის ლიდერმა ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და თქვა, რომ მათ, ვინც იცნობს ირანს და მის ისტორიას, „იციან, რომ ირანელები შესაბამისად პასუხობენ მუქარის ენას“.
„და ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის ნებისმიერ სამხედრო ჩარევას, უდავოდ, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება“ – თქვა ხამენეიმ და დასძინა, რომ “ეს ერი არავის დანებდება”.
სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აღარ სურს სამშვიდობო მოლაპარაკებები ირანთან.
“უპირობოდ დანებდით”, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. იქამდე მან თეირანის მოსახლეობას დაუყოვნებელი ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს და სხვა ნაბიჯები მიანიშნებს, რომ აშშ საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად ემზადება.