ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
დებატების მთავარი თემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმე იყო. 19 ივნისს კი ევროპარლამენტარები, მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე, ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა ჯგუფის შვიდი რეზოლუციის პროექტია გამოქვეყნებული. მათ შორისაა ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფი – სახალხო პარტია, სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი , მწვანეთა გაერთიანება და ევროპარლამენტის სხვა ჯგუფები.
7-დან ექვს რეზოლუციაში მოთხოვნილია მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ერთში კი ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში მიმდინარეობს. რეზოლუციათა უმრავლესობაში საუბარია საპროტესტო აქციებისას დაკავებულ სხვა პირებზე და იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში არიან.
აღნიშნულია ისიც, რომ კანონმდებლობა, რომელსაც ევროპარლამენტარების ნაწილი რეპრესიულს უწოდებს, შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას.