მთავარიმსოფლიოირანმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გრძელდება – ისრაელის მიმართულებით ირანიდან რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. 18 ივნისის დილას რაკეტები შეინიშნებოდა იერუსალიმისა და თელ-ავივის ცაზე. ისრაელი აცხადებს, რომ ყველა რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

საპასუხოდ, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანზე მასშტაბური იერიშები მიიტანეს. ისრაელი ამტკიცებს, რომ ირანზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია აუცილებელია, რათა ირანმა ატომური იარაღის შექმნა საბოლოოდ ვერ მოახერხოს.

მოგვიანებით, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 17 ივნისს ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის იდეის განხილვა შეწყვიტა და მსჯელობა კონფლიქტში ამერიკის საჰაერო ძალების შესაძლო ჩართვაზე დაიწყო. თუმცა CNN-ის ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ თეირანის მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობების შემთხვევაში, მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება.

დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ის ირანს უპირობო დანებებისკენ მოუწოდებს, ამ ვარაუდს ამყარებს. საუბარი ირანში რეჟიმის ცვლილებაზეც დაიწყო, რასაც როგორც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ ეთანხმება.

„ჩვენ არ გვსურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ან ბალისტიკური შესაძლებლობები ჰქონდეს. თუმცა მჯერა, რომ დღეს ყველაზე დიდი შეცდომა ირანში რეჟიმის სამხედრო გზით შეცვლა იქნება, რადგან ეს ქაოსს გამოიწვევს. არა რეჟიმის ცვლილებისკენ მიმართულ სამხედრო მოქმედებებს, რადგან არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ. განა ერთობლივად არ ვნახეთ, რა შედეგები მოჰყვა ამას რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ? ვინმეს ჰგონია, რომ ის რაც 2003 წელს ერაყში მოხდა, კარგი იდეა იყო? ვინმეს ჰგონია, რომ ის რაც ბოლო ათწლეულში ლიბიაში გაკეთდა, კარგი იდეა იყო? არა“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

13 ივნისიდან მოყოლებული დღემდე, ირანმა ისრაელის მიმართულებით 400 ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა. ზოგიერთი რაკეტა იორდანიის ცაზეც შეამჩნიეს, რაზეც ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ გაანეიტრალებს ნებისმიერ რაკეტას, რომელიც იორდანიის საჰაერო სივრცეში შევა, რათა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის რისკები თავიდან აიცილოს.

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში 230-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს 24 ისრაელელი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend