მთავარიამერიკააშშაშშ-ის არმიის აღლუმი

აშშ-ის არმიის აღლუმი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სანამ სამხედროებს  და საზოგადოებას მიმართავდა, არმიის დანაყოფებმა ქვემეხების 21 ზალპით გახსნეს ღონისძიება.

14 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატები არმიის 250 წლის იუბილეს აღნიშნავდა. აშშ-ის არმიამ მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გამართა. შემაჯამებელი ღონისძიება 14 და 15 ივნისს დაიგეგმა – სამხედრო აღლუმი კი დონალდ ტრამპის 79-ე იუბილეს დაამთხვიეს.

პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც სურდა მსგავსი მასშტაბური ღონისძიების გამართვა, თუმცა მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო მხოლოდ სამხედრო ტექნიკა გამოიფინა ვაშინგტონში. აღლუმი, რომელიც დაახლოებით 45 მილიონი დოლარი დაჯდა, ძალის დემონსტრირებადაც შეფასდა.

ვაშინგტონში გამართულ აღლუმს ასობით ათასი ადამიანი ესწრებოდა. თუმცა რთული კლიმატური პირობებისა და იმის  გამო, რომ აღლუმი დათქმულ დროზე ადრე დაიწყო, ბევრმა ვერ შეძლო ღონისძიებაზე მისვლა. პირველი სიტყვა აღლუმის დაწყებამდე ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა წარმოთქვა.

ნება მიბოძეთ, გითხრათ, თუ როგორ გცემთ პატივს. პირველ რიგში, ჩვენ არასდროს მოგიწოდებთ, რომ ომში წახვიდეთ, თუ ეს აუცილებელი არ არის, და მეორე, თუკი მაინც მოგვიწევს თქვენი ომში გაგზავნა, ჩვენ მოგამარაგებთ შესაბამისი იარაღითა და ყველაფრით, რათა დაამარცხოთ მტერი და უსაფრთხოდ დაბრუნდეთ შინ.“ – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მთავარი გზავნილი, აშშ-ის არმიის წარმომადგენლების მისამართით იყო.  აღლუმს კი ათასობით სამხედრო მოსამსახურე ესწრებოდა. ჯამში დაახლოებით 7000 ჯარისკაცი, მათ შორის რეზერვისტებიც. ტექნიკიდან ვაშინგტონში გამოჩნდა „აბრამსის“ ტიპის ტანკები, ისტორიული „შერმანის“ ტიპის ტანკები, რომლებსაც აშშ-ის არმია მეორე მსოფლიო ომში იყენებდა. ასევე გამოჩნდა ჯავშანტრანსპორტიორები – „ბრედლები“ და „სტრაიკერები“.. თვითმავალი ჰაუბიცეები – „პალადინი“. აღლუმში ასევე მონაწილეობდა სულ მცირე 50 ვერტმფრენი – „აპაჩები“, „ჩინუკები“, „შავი ქორები“ და „კობრები“.  ვაშინგტონის ცაზე გამოჩნდა ვიეტნამის ომის სიმბოლო „იროკეზები“ – ამ ომს ვერტმფრენების ომსაც უწოდებენ, აღლუმზე პირველად გამოჩნდა თანამედროვე ავტონომიური ტექნოლოგიის შეიარაღება, დრონები და რობოტექნიკა.

ბოლო ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა შეუდარებელი მამაცობა გამოიჩინეს ბრძოლის ველზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. გაყინული ფეხებითა და სისხლიანი მუშტებით ისინი შეებნენ ცეცხლს და ჩაერთნენ ბრძოლებში. შტურმით შეუტიეს მთებსა და სანაპიროებს. ტყვიის წვიმაში გზა გაიკვლიეს. ამერიკის მტრებს არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თუ ამერიკელ ხალხს დაემუქრები, ჩვენი ჯარისკაცები აუცილებლად მოვლენ თქვენთან. თქვენი დამარცხება კი გარდაუვალია. ჩვენი მეომრები არასდროს ნებდებიან, უკან არასდროს იხევენ, ისინი იბრძვიან და იმარჯვებენ.“ – თქვა დონალდ ტრამპმა.

აღლუმზე პრეზიდენტ ტრამპს დაბადების დღე არაერთხელ მიულოცეს. სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე კი აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა, თუმცა ვაშინგტონში გამოსვლები დაგეგმილი არ ყოფილა. მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებისა, 1991 წლის შემდეგ პირველად ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი მაინც ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend