მთავარიმსოფლიოისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულ მაღალჩინოსანთა ვინაობა ცნობილია

ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულ მაღალჩინოსანთა ვინაობა ცნობილია

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეძლეს რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად 16 მაღალჩინოსნის ლიკვიდაციაა დადასტურებული, ისრაელი 20-მდე პირის სიკვდილზე საუბრობს.

თელ-ავივისა და თეირანის დადასტურებული ცნობების თანახმად, დაღუპულია მოჰამად ბაგერი. ის ერთ-ერთი პირველი ემსხვერპლა ისრაელის ავიაიერიშებს. ბაგერი ირანის გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა და ქვეყნის არმიის ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიცერი იყო, რომელიც წოდებით მხოლოდ ირანის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ჩამორჩებოდა. ის როგორც ირანის რეგულარულ არმიას, ისე მის ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდა და საკვანძო ფიგურა იყო ისლამური რეჟიმის სამხედრო დოქტრინის ფორმირებაში.

მოჰამად ბაგერის მსგავსად, ხოსეინ სალამიც დაახლოებული იყო აიათოლა ალი ხამენეისთან. ის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი და ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი მტკიცე მოწინააღმდეგე იყო. ხოსეინ სალამის 1980-1988 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ირან-ერაყის ომში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეძლეს გოლამალი რაშიდის ლიკვიდაცია, რომელიც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის მოადგილის პოზიციასა და ამავე დროს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცენტრალური შტაბის, „ხატამ-ალ-ანბიას“ მეთაურის პოზიციას იკავებდა. გოლამალი რაშიდი ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაზე იყო პასუხისმგებელი. ხოსეინ სალამის მსგავსად, ისიც ირან-ერაყის ომის ვეტერანია და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე ტერორისტული ორგანიზაციების, „ჰეზბოლასა“ და „ჰუსიტების“ გაძლიერებას უჭერდა მხარს.

თელ-ავივის საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის აეროკოსმოსური ძალების მეთაურო ალი გაჯიზადე. ის ირანის სარაკეტო პროგრამას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ იყო პასუხისმგებელი 2024 წლის აპრილში, ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე.

კვირას, 15 ივნისს, ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის მეთაური მოჰამად კაზემი. მისი ლიკვიდაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს“ დაუდასტურა. რამდენიმე საათში ცნობები დაადასტურა თეირანმაც.

სამხედრო მაღალჩინოსნების გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიკვიდირებულთა შორის არიან ბირთვულ იარაღზე მომუშავე მეცნიერებიც. თელ-ავივის ოფიციალური ცნობების თანახმად, მათი რიცხვი 14-ს შეადგენს, მათ შორისაა ფერეიდუნ აბასი. ის ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ირანის პარლამენტის წევრი იყო. 2010 წელს მასზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში ფერეიდუნ აბასმა ისრაელი დაადანაშაულა, თუმცა თელ-ავივმა ბრალდება არც დაადასტურა და არც უარყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:59
spot_imgspot_img
Send this to a friend