თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე საქმეში წარმოდგენილ რამდენიმე მოწმეს მოუსმინეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მომდევნო პროცესი 18 ივნისს ჩანიშნა – სწორედ შემდეგ სხდომაზე უნდა თქვან მხარეებმა დასკვნითი სიტყვები და სავარაუდოდ, სასამართლომ გადაწყვეტილებაც უნდა გამოაცხადოს.
გიორგი ვაშაძეს, ისევე, როგორც სხვა არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბრალი სისხლის სამართლის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ კომისიაზე პოლიტიკოსი 15 აპრილს დაიბარეს. გიორგი ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მას ბრალი წაუყენეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც პოლიტიკოსმა დადგენილ ვადაში გადაიხადა.
დანაშაული, რომელსაც ბრალდება გიორგი ვაშაძეს ედავება ჯარიმით, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.