ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ისრაელის მიერ თითქმის სამი თვის განმავალობაში საზღვრების ჩაკეტვამ ადგილობრივი მოსახლეობა შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა.
პალესტინელებს უჭირთ საკვებისა და სასმელი წყლის მოპოვება. ბავშვებსა და ზრდასრულებს ხანდახან საათობით უწევთ მცხუნვარე მზეზე რიგში დგომა, რომ ერთი სათლი ან რამდენიმე ბოთლი სასმელი წყლით აავსონ.
ღაზის მკვიდრი იასრა იუსეფიც ახლა საქველმოქმედო სამზარეულოში ცოტაოდენი საკვებისა და წყლის მისაღებად მიდის, თუმცა პური, ბოსტნეული არასაკმარისად არის. როგორც თავად ამბობს, მათი ჯანმრთელობა გაუარესდა, მოსიარულე გვამებივით იქცნენ. აქ გაჩერება შეუძლებელია.
ლტოლვილთა ბანაკებში მყოფთათვის წყალი არ არის სამყოფი. ღაზის მკვიდრი მოჰამედ ჰასუნა ამბობს, რომ დაახლოებით ერთი საათი იდგა რიგში, რომ რამდენიმე ბოთლი აევსო წყლით, თუმცა საბოლოოდ ხელცარიელი დარჩა.
ისრაელმა თითქმის სამი თვის განმავლობაში აკრძალა ღაზის სექტორში ყველანაირი დახმარების შეტანა.
მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაუშვა მცირე რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი ღაზაში, სადაც თითქმის ორი მილიონი მოსახლეა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები უფრო მეტი დახმარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ისრაელი და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ახალი სისტემა მიზნად ისახავს გაეროს მიერ მართული იმ ქსელის ჩანაცვლებას, რომელიც 20 თვის განმავლობაში ღაზაში დახმარებას ანაწილებდა.