უკვე სამი დღეა, რაც ისრაელსა და ირანს შორის სარაკეტო იერიშები გრძელდება, რის შედეგადაც უკვე 230-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა სერიოზული სახე 13 ივნისს მიიღო, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად ისრაელმა წამოიწყო ახალი სპეცოპერაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით იმდენ დღეს გაგრძელდება, რამდენიც ამ საფრთხის აღმოფხვრისთვის იქნება საჭირო.
ირანზე მიტანილი სარაკეტო იერიშების შედეგად 224 ადამიანია დაღუპული, ხოლო ჯანდაცვის წარმომადგენლები 1277 დაჭრილის შესახებ იტყობინებიან. თეირანი აცხადებს, რომ ისრაელმა კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის გენერალი მოკლა, მათ შორის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის უფროსი, მოჰამედ კაზემი.
ირანელი მაღალჩინოსნები დარწმუნებული არიან, რომ ისრაელის დარტყმების უკან აშშ დგას. ბირთვულ საკითხებზე 15 ივნისს ჩანიშნული მოლაპარაკებები, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ჩაიშალა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მწვანე შუქის გარეშე ისრაელი ირანს არ დაარტყამდა. მეტიც, თეირანი აცხადებს, რომ მტკიცებულებაც კი აქვს. შესაბამისად, ის აშშ-ს მოლაპარაკებების მე-6 რაუნდის საბოტაჟში ადანაშაულებს. თუმცა დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.
იერიშები ისრაელზე ირანმაც მიიტანა. თელ–ავივისა და ისრაელის სხვა ქალაქების თავზე კვლავ სირენების ხმა ისმის, ხოლო საგანგებო სამსახურები ისრაელის მესამე უდიდეს ქალაქ ხაიფაში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
ისრაელის მიმართულებით 270-ზე მეტი რაკეტა ისროლეს და მთავრობა აცხადებს, რომ მხოლოდ 22 რაკეტა დაუსხლტა „რკინის გუმბათის“ თავდაცვის სისტემას, რის შედეგადაც დაიღუპა 14, ხოლო ასობით ადამიანი დაიჭრა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმის.
Prime Minister Benjamin Netanyahu in a daily update for the public:
“Our wonderful combat pilots are in the skies above the burning city of Tehran. We are determined to complete the mission of removing the double threat”. pic.twitter.com/v8EJdAao9B
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) June 15, 2025
„ჩვენი შესანიშნავი პილოტები თეირანის თავზე დაფრინავენ, თეირანი იწვის. თუმცა მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ვესხმით, მიუხედავად იმისა, რომ ევაკუაციისკენ მოვუწოდეთ და ამას ახლა აკეთებენ, თქვენ ამის შესახებ მოსმენილი არ გექნებათ, რადგან ირანელები მალავენ, აი, რა ხდება. სამაგიეროდ, ისინი თავს ესხმიან ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას ტამრაში, თელ–ავივში, რიშონ ლეციონში, რეხოვოთში, ყველგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვმოქმედებთ“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად ათობით საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა.
50-წუთიანი სატელეფონო საუბრის შესახებ საგარეო საქმეებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაგმო და დონალდ ტრამპს კონფლიქტის გადაჭრის თავისი გზა შესთავაზა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სამშაბათს, 17 ივნისს, ვიდეოკავშირის საშუალებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას გამართავს.