ლატვიის სეიმის დეპუტატის, ალექსეი როსლიკოვის, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ სხდომაზე მან განაცხადა: „ჩვენ უფრო მეტნი ვართ და რუსული ენა ჩვენი ენაა“. ამ სიტყვების გამო ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როსლიკოვის წინააღმდეგ გამოძიება „ეთნიკური სიძულვილისა და შუღლის გაღვივების“ მუხლით დაიწყო. ასევე მას ედავებიან აგრესორი სახელმწიფოსთვის, რუსეთისთვის, დახმარების გაწევას ლატვიის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
5 ივნისს სეიმის სხდომაზე ალექსეი როსლიკოვმა გააკრიტიკა „რუსიფიკაციის შედეგების აღმოფხვრის შესახებ“ დეკლარაცია. დოკუმენტი ადგენს ლატვიის სახელმწიფოს ვალდებულებას, აღმოფხვრას „რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგები“, რომლებიც ასუსტებს ლატვიური ენის სტატუსს. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს რუსული ენის საჯარო სივრცეში გამოყენების შეზღუდვის გეგმის შემუშავებას.
ალექსეი როსლიკოვი პარტია „სტაბილურობის“ ლიდერია. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისმა პარტიამ ხმების 7% მიიღო. „სტაბილურობა“ რუსულენოვან მოსახლეობაზეა ორიენტირებული და პოპულისტურ პარტიად მიიჩნევა.