მთავარისაქართველოთბილისის საქალაქო სასამართლოში სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესები გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესები გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა პროცესები გაიმართა.

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, პროკურატურა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.

სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მამუკა ხაზარაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გადაწყვეტილების მიზეზი მოსამართლის უარი იყო, დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის შუამდგომლობა დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წევრთა გამოკითხვის თაობაზე.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ საგამოძიებო კომისია კანონდარღვევით შექმნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც მისი გადადება დაცვის მხარემ მოითხოვა. მოგვიანებით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეზე მომდევნო პროცესი 16 ივნისს გაიმართება.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სამივე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მათთვის შეფარდებული გირაო გადაიხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend