“ქართული ოცნების” მიერ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის 9 ივნისის სხდომაზე, ე.წ. “ყინწვისის საქმის” დაზარალებულს, ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს.
მან დეტალურად გაიხსენა 2011 წლის 26 მაისს, ყინწვისის მონასტერთან ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, 24 ადამიანი დააკავეს. გოგუაძემ თქვა, რომ დაკავება სასტიკი ძალადობით მოხდა, ხოლო, მისი თქმით, მოგონილი დანაშაული ძალით აღიარებინეს.
“იმდენად ძლიერი მუქარები იყო, თან ჩვენი მხარდამჭერები და მეგობრები, მაგ პერიოდისთვის ჩვენს გარშემო ვინც იყვნენ, გზადაგზა იჭერდნენ ყველას გაუგებარი ბრალდებებით. ჩვენ 24 მაისს, რამდენიმე ადამიანი, თავიდან სადღაც 6 ადამიანი, გავეცალეთ თბილისს იმიტომ, რომ ისეთი მუქარები იყო, რომ ვხვდებოდით, დაჭერას ვერ ავცდებოდით. მუქარების შინაარსი ის იყო, რომ დაგხოცავთ, დედას გიტირებს. სიტყვა დაჭერა არავის უხსენებია, მაგრამ ჩვენ ვარაუდობდით, რომ დაგვიჭერდნენ. ფიზიკური განადგურებით გვემუქრებოდნენ. [მუქარა მოდიოდა] ძალოვანი სტრუქტურებიდან, სოდ-ის უწყებიდან მოდიოდა ეს ყველაფერი და 24 მაისს, რამდენიმე ადამიანი წავედით. მერე მოხდა ისე, რომ მეგობრები ერთმანეთს ურეკავდნენ, რომ აბა სად ხართ, რას შვებით. გაიგეს, რომ ჩვენ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში მივდიოდით და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ 23 ადამიანი აღმოვჩნდით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან, თავს ვაფარებდით, მეუფე იობის ნახვა გვინდოდა. თავს ბევრად დაცულად ვგრძნობდით იქ.
24 მაისს წავედით და 26 მაისი იყო გამთენია რომ ჩაატარეს სპეცოპერაცია. რამდენიმე სხვადასხვა სპეცრაზმი იღებდა მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში და ალყა გვქონდა დარტყმული, მოვარდნენ მიკროავტობუსებით, ზოგი ტყიდან ჩამორბოდა, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ავტომატიანმა ხალხმა დაგვარტყა წრე, ზუსტად მონასტრის პირდაპირ. მერე გავარკვიეთ ჩვენ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა ადგილზე, მაგრამ ისე იყო სიტუაცია, რომ მაგ დროისთვის თბილისისკენ წამოსვლას ვაპირებდით იმიტომ, რომ აქ უკვე დაშლილი იყო მიტინგი, სასტიკი დაშლა რომ მოხდა და ხალხის კვლა, და მამაოები იყვნენ ჩვენთან გამოსულები და გვემშვიდობებოდნენ. ბევრი მამაო იყო და ეტყობა იმ მომენტში გასროლა ვერ შეძლეს, ან არ ისროლეს.
შემდეგ, დაგვიბარეს მთავარ სამმართველოში, სადაც სხვადასხვა ზეწოლას და ძალადობას ახორციელებდნენ და საბოლოოდ ვაღიარეთ, რომ ვაწყობდით გადატრიალებას და დაგვაპატიმრეს“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
მოგვიანებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გამოძიების გადახედვისას დადგინდა, რომ ეს პირები უდანაშაულო იყვნენ. ამავე საქმეზე, 2019 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც სახელმწიფოს მხრიდან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უამრავი დარღვევა გამოვლინდა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
ავტორი: ალეკო გვეტაძე