მთავარიაზიაღაზა„ვიტანჯებით...” - ღაზის სექტორში ოჯახები კვლავ გადარჩენისთვის იბრძვიან

„ვიტანჯებით…” – ღაზის სექტორში ოჯახები კვლავ გადარჩენისთვის იბრძვიან

ესლამ ალ ჰატიბი მისი ოჯახის 16 წევრთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად კარავს აფარებს თავს. რამდენიმე დღეა, რაც მათ ხან იუნისში საკუთარი სახლის მიტოვება მოუწიათ. ესლამ ალ ჰატიბის ოჯახის მსგავსად სხვა ოჯახებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები და თავშესაფრები ეძებნათ. ისრაელის არმიამ ქალაქის ევაკუაციის შესახებ ბრძანება სამ ივნისს გასცა.

43 წლის კაცი ამბობს, რომ მდგომარეობა უარესდება, ისინი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე არიან, არ აქვთ თავშესაფარი, აქვთ წყლისა და საკვების ნაკლებობა.

„ჩვენ ყველაფრისგან ვიტანჯებით, ყველაფერი წარსულში დარჩა, ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაშენებდით, აღარაფერი დაგვრჩა ერთმანეთის გარდა“, – ამბობს ესლამ ალ ჰატიბი.

ღაზის სექტორში ოჯახებს უმძიმეს პირობებში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. ესლამ ალ ხატიბის მეუღლე ელჰამი ამბობს, რომ სახლიდან წამოსვლა მაშინ მოუწიათ, როდესაც მათი უბნის მახლობლად დაბომბვა დაიწყო.

„მე და ჩემი და ბავშვებთან ერთად გამოვიქეცით, ვცდილობდით, თავშესაფარი გვეპოვა. თუმცა ქუჩებში ძალიან ბევრი ხალხი იყო. თითქოს ომის პირველ დღეებს თავიდან გავდიოდით, არადა, იქ, სადაც ბოლოს დავსახლდით, უკვე გვქონდა ელემენტარული საცხოვრებელი გარემო, მაგრამ ყველაფერი ერთ დღეში გაქრა. სიტყვებით ვერ აღგიწერთ იმ ტანჯვას, რასაც ოჯახები ყოველდღიურად გავდივართ. ჩვენთვის ყოველი დღე ძვირფასია, არ ვიცით, ხვალ რა მოგველის“, – ამბობს ელჰამ ჰატიბი, ესლამ ალ ჰატიბის მეუღლე.

ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ღაზაში მას შემდეგ გააძლიერა, რაც მარტში „ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ შედგა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის თავდასხმის შედეგად მას შემდეგ ათასობით პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც „ჰამასი” 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა. მათ დახოცეს 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და გაიტაცეს 251 პირი. „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩებიან მძევლები, ვარაუდობენ, რომ მათგან მესამედი ჯერ ისევ ცოცხალია.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თავდასხმას კი 54 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, ძირითადად, ქალები და ბავშვები. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაახლოებით 860 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის 400-ზე მეტი ღაზაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება. მოსახლეობა, რომელიც თითქმის სამი თვეა, მკაცრი ბლოკადის პირობებში ცხოვრობს, შიმშილის ზღვარზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ბლოკადა ოდნავ შემსუბუქდა, საკვების დეფიციტი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend