ირანის უზენაესმა ლიდერმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების წინადადება თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.
აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-ს წინადადება, „100%-ით ეწინააღმდეგება” ირანის მთავრობის იდეას “ჩვენ შეგვიძლია“ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნები ირანის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თეირანთან შეთანხმების მიღწევა ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამერიკული წინადადების დეტალები უცნობია, თუმცა მისი დიდი ნაწილი ურანის გამდიდრებას შეეხება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ამერიკა ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ნაწილს მოხსნის. მაგრამ შეთანხმების წარუმატებლობამ შეიძლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს.
მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, ირანის უზენაეს ლიდერმა შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის სრულად უარყოფისგან თავი შეიკავა.
„აშშ-ს მიერ წარდგენილი წინადადება 100%-ით ეწინააღმდეგება ირანის მთავრობის იდეას – „ჩვენ შეგვიძლია“. კადნიერი და თავხედი ამერიკელი ლიდერები ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟის შესახებ მოთხოვნას სხვადასხვა სიტყვებით იმეორებენ. მათ, ვინც ამჟამად ხელისუფლებაში იმყოფებიან, სიონისტები იქნებიან თუ ამერიკელები, უნდა იცოდნენ, რომ ამ მხრივ ვერაფერს გახდებიან. ვინ ხართ თქვენ, რომ ერევით და გვეუბნებით უნდა ჰქონდეს თუ არა ირანს ურანის გამდიდრების შესაძლებლობა? რაში გაინტერესებთ? 100 ატომური სადგური რომც გვქონდეს, ურანის გამდიდრების გარეშე სრულიად უსარგებლო იქნებოდა. რადგან ატომურ ელექტროსადგურს საწვავი ესაჭიროება. თუ მის წარმოებას ადგილობრივად ვერ შევძლებთ, მოგვიწევს ამერიკასთან შეთანხმება. მათ კი საწვავის მოწოდების სანაცვლოდ შესაძლოა უამრავი წინაპირობა წამოგვიყენონ“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.