სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვქვეშ დააყენა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის, ლეგიტიმურობა და განაცხადა, რომ თუ დადასტურდება, რომ პატრიარქმა დაარღვია უქორწინებლების აღთქმა და ჰყავს შვილი, მას არ შეუძლია იყოს სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაური.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ფაშინიანი ადასტურებს პატივისცემას პირადი ცხოვრების მიმართ, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი პირადი ცხოვრება არ შეიძლება გავრცელდეს კათოლიკოსზე, მისი რელიგიური როლის გათვალისწინებით.
ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ ეს არა მხოლოდ სულიერების, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიცაა.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და პრემიერ ფაშინიანს შორის უკვე წლებია, დაძაბულია ურთიერთობები.
მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, გარეგინ მეორე ღიად მოუწოდებდა ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობა დაეტოვებინა. ბოლო დღეებში კი ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა.
რამდენიმე დღეა, ნიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი სოციალურ ქსელებში მკაცრად აკრიტიკებენ ეკლესიის ხელმძღვანელს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ფაშინიანი წერდა:
„რა ხდება, როდესაც ირკვევა, რომ სასულიერო პირმა დაარღვია უმანკოებისა აღთქმა? ის კარგავს თავის წოდებას, ტიტულსა და თანამდებობას. რა არის მორალურად უფრო პატიოსანი ქმედება: ნებაყოფლობით გადადგომა თუ ჩუმად ტანჯვა იმის შიშით, რომ გამოძიებამ შეიძლება სიმართლე გამოავლინოს?“
კრიტიკული იყო მისი ცოლის ანა იაკობიანის პოსტებიც.
ერთ-ერთ პოსტში ის მიუთითებდა “ქვეყნის პედოფილებზე” და მათი ცხოვრების “ბნელ კუთხეებზე”, ხოლო პატრიარქ გარეგინს ქვეყნის მთავარ მაფიოზად მოიხსენებდა.