მთავარისაქართველოდასავლელი პარტნიორები FARA-ს კანონს ეხმიანებიან

დასავლელი პარტნიორები FARA-ს კანონს ეხმიანებიან

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი ქართული ოცნების FARA-ს კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ამბობენ, რომ კანონი საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს და მისი მიღება “ქართული ოცნების” კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

მათივე თქმით, ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში.

განცხადებაში საუბარია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს თავისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი.

ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს.

განცხადების მიხედვით, პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

განცხადებას ავრცელებს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, სადაც აღნიშნულია, რომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად.

მათივე თქმით, შვედეთი საქართველოს მამაც სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის კუთხით მის შთამბეჭდავ მუშაობას მტკიცედ უჭერს მხარს.

განცხადებას ავრცელებს ასევე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე, რომელიც წერს, რომ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავლის მიმართ თავისი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend