მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ევთანაზიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ევთანაზიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სამშაბათს, 27 მაისს, მიიღო კანონპროექტი, რომელიც ლეგალურს ხდის ევთანაზიას, კანონპროექტი 305 ხმით 199-ის წინააღმდეგ გავიდა. მას მხარი დაუჭირეს ცენტრისტებმა და მემარცხენე კანონმდებლებმა, მემარჯვენე დეპუტატების უმეტესობამ კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ეროვნულ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელზეც უკვე დიდი ხანია მსჯელობენ. კანონპროექტი შემდგომი განხილვისთვის სენატს გადაეგზავნება.

საბოლოო კენჭისყრას კი შესაძლოა თვეები დასჭირდეს საფრანგეთში არსებული ხანგრძლივი და რთული ბიუროკრატიული პროცესების გამო.

დამტკიცების შემთხვევაში საფრანგეთის მოქალაქეებსა და 18 წელზე უფროსი ასაკის მცხოვრებლებს უფლება ექნებათ, მიიღონ ლეტალური მედიკამენტები, თუ ისინი იტანჯებიან ტერმინალური ან განუკურნებელი დაავადებებით.

ლეტალური მედიკამენტების შესახებ შემოთავაზებული ზომები ერთგვარი საშუალებაა, დაეხმაროს ადამიანს, თავი დააღწიოს მძიმე მდგომარეობას. პაციენტებს შეუძლიათ, თავად  მიიღონ შესაბამისი პრეპარატი. ხოლო მათ, ვისაც ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას, ამაში ექიმი ან მედდა დაეხმარება.

კრიტიკოსები, მათ შორის ფრანგი სასულიერო პირები გმობენ კანონპროექტს და ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას სახიფათო გავლენა ექნება საზოგადოებაზე.

საფრანგეთის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტების მხარდაჭერის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კლერ ფურკადი ამბობს, რომ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას. იგი გასცემს უფლებას, წყვეტს, ვის აქვს უფლება, ვის შეუძლია ამის გაკეთება. თავად გამოწერს მედიკამენტებს, ესწრება ამ პროცესს. საჭიროების შემთხვევაში მან უნდა შეძლოს წამლის შეყვანა.  მისი თქმით,  ეს კანონი ექიმს აძლევს  უზარმაზარ ძალაუფლებას და არა პაციენტს – თავისუფლებას.

სხვები კი დადებითად აფასებენ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ასოციაციის „ღირსეულად სიკვდილის უფლებისთვის“ (ADMD) პრეზიდენტ ჯონათან დენისს მიაჩნია, რომ წლების წინ უნდა მიეღოთ ეს კანონპროექტი. ამას  დიდი ხანია ელოდნენ ფრანგები, ისინი მზად არიან ამისთვის. დისკუსიებში ძალიან დიდი დრო დაიკარგა, დრო, რომელიც ზოგიერთებს აღარ ჰქონდათ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა დაადასტურონ, რომ პაციენტს აქვს მძიმე დაავადება, რომელიც გავრცელების ან ტერმინალურ სტადიაზეა, აქვს აუტანელი ტკივილი და საკუთარი ნებით სურს ამ პრეპარატის მიღება.

თუმცა მანამდე პაციენტმა უნდა მოითხოვოს ეს პრეპარატი, მას კვლავ ეძლევა მოსაფიქრებელი დრო. როდესაც დარწმუნდება თავის გადაწყვეტილებაში, მან ხელახლა უნდა დაადასტუროს მოთხოვნა. დამტკიცების შემთხვევაში კი ექიმი გადასცემს პრეპარატს, რომელიც სიკვდილს იწვევს. მისი მიღება სახლში ან სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

2023 წლის მოხსენებაში წერია, რომ ფრანგების უმეტესობა მხარს უჭერს ნებაყოფლობით ევთანაზიას.

გასულ წელს პარლამენტში ამ საკითხზე მიმდინარე პირველადი განხილვა ემანუელ მაკრონის მიერ ეროვნული ასამბლეის დათხოვნის შემდეგ კიდევ უფრო გაჭიანურდა.

ექიმის დახმარებით სიკვდილის დაჩქარება ლეგალურია შვეიცარიასა და ამერიკის რამდენიმე შტატში. ევთანაზია ასევე კანონითაა დაშვებული  ნიდერლანდებში, ესპანეთში, პორტუგალიაში, კანადაში, ავსტრალიაში, კოლუმბიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend