იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს სახელწოდებით სამსახური ფაქტობრივად მთლიანად დაექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს. ხოლო ამ უწყების ფინანსების მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს.
„დაზვერვის სამსახური გარდაიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად და მისი სახელწოდება იქნება ეროვნული სადაზვერვო სააგენტო, რომლის უფროსსა და მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს სამსახურის ზედამხედველობას ასევე განახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სააგენტოს უფროსის წარდგინებით დაამტკიცებს სააგენტოს დებულებას, საშტატო განრიგსა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას, ასევე სააგენტოში სამსახურის გავლის წესს.
ეს საქვეუწყებო დაწესებულება საკმაოდ დიდ ავტონომიურობას ინარჩუნებს. მას კონტინგენტის შერჩევის განსხვავებული წესი ექნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.