მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს 107 პალესტინელი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს 107 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის განახლებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშების შედეგად 107 პალესტინელი დაიღუპა.

ანკლავის ჩრდილოეთით, ქალაქ ღაზაში, თავდასხმების შემდეგ ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელელთა სამიზნე ალ-ავდას საავადმყოფო იყო, რომელიც ჩრდილოეთში მოქმედი ორი სამედიცინო დაწესებულებიდან ერთ-ერთია.

საავადმყოფოს პერსონალის თქმით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა  ხანძარი. დაზიანებულია შენობები, ინფრასტრუქტურა და წყლის ავზები.

ისრაელი აცხადებს, რომ მათი ძალები საავადმყოფოსთან ახლოს იყვნენ განთავსებული, თუმცა არ იღებენ პასუხისმგებლობას თავდასხმაზე. როგორც ისრაელი ამბობს, დაწყებულია გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად.

ამავდროულად, გაეროში აცხადებენ, რომ მათ 200-იდან 90 სატვირთო მანქანის მიერ მიწოდებული დახმარება გაანაწილეს.

გაეროს ინფორმაციით, დანარჩენი სატვირთოები ჯერ არ მისულან განაწილების ცენტრებამდე, პროცესს კი ისრაელის უსაფრთხოების ახალი ზომები აჭიანურებს.

გენერალური მდივნის სპიკერი დუჟარიკი აცხადებს, რომ ღაზაში შესული დახმარება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მოსახლეობის საჭიროებები.

ისრაელის სამხედრო სააგენტო COGAT, რომელიც პასუხისმგებელია დახმარების ოპერაციების ზედამხედველობაზე, ამბობს, რომ მათივე კვლევების თანახმად, საკვების დეფიციტი არ არსებობს.

ისრაელმა ასევე იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე.

ადგილობრივი სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ საზღვრის გასწვრივ რამდენიმე ადგილი დაიბომბა.

ისრაელის განცხადებით, მათ იერიში მიიტანეს  „ჰეზბოლას“ კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე,  რათა  დაჯგუფებამ ვერ შეძლოს ხელახლა შეიარაღება.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა დაგმო თავდასხმები და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გაზარდოს ზეწოლა ისრაელზე, რათა პატივი სცეს შეთანხმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

ლიბანმა და ისრაელმა ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას  თავდასხმების დასრულების შესახებ. ბეირუთში ამბობენ, რომ მას შემდეგ ისრაელს ყოველდღიურად მიაქვს იერიში და არღვევს ზავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend