მთავარიევროპარუმინეთიკრემლის მარცხი ბუქარესტში

კრემლის მარცხი ბუქარესტში

არჩევნები დასრულდა, რუმინეთი კი ჯერ ისევ დაყოფილია. ბოლო თვეების პოლიტიკურმა პროცესებმა ქვეყანას ღრმა ჭრილობები დაუტოვა, მათ მოშუშებას დრო დასჭირდება.

2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანაში დატოვა შეგრძნებაც, რომ არჩევანი იდგა არა უბრალოდ ნიკუშორ დანსა და ჯორჯ სიმიონს შორის, არამედ ორ დაპირისპირებულ იდეოლოგიას შორის.

საბოლოოდ, პრო-რუსული განწყობების სიმიონს რუმინელებმა უარი უთხრეს, მანდატი კი პრო-ევროპელ დანს ჩააბარეს, რომელიც საქმეს უკვე შეუდგა და ახალ მთავრობას აკომპლექტებს.

“არჩევანი სწორედ ასე იდგა ! ხალხი სვამდა კითხვას : „გინდათ იაროთ რუსეთის მიმართულებით თუ იყოთ ევროპული ოჯახის წევრი? რას უტოვებთ შემდეგ თაობას? ევრო-ატლანტიკურ პარტნიორობას თუ ქვეყანას, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროში ხვდება.  ეს იყო იდეოლოგიური არჩევანი, რუმინეთის მომავალზე.  ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არასოდეს ყოფილა ასეთი რთული, საზოგადოება კი ასეთი პოლარიზებული. პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ამ წუთას უფრო მშვიდია, ვიდრე ეს არჩევნებამდე იყო. რადგან რუმინეთი ევროპულ ოჯახში რჩება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯორჯ სიმიონის პრეზიდენტობის შემთხვევაში ის რუმინეთს ევროკავშირიდან გაიყვანდა, მაგრამ სხვა ლიდერის პირობებში რუმინეთს გაუჭირდებოდა ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა თქვა მან საფრანგეთის პრეზიდენტზე გასულ კვირას. არჩევნების ორ რაუნდს შორის სიმიონმა ბევრი შეცდომა დაუშვა, ვერ ისაუბრა პროგრამებზე, მომავალზე – თავს დაესხა  საფრანგეთს, რომ თითქოს ეს არაა დემოკრატიული ქვეყანა. ეს მაშინ, როდესაც პარიზი ბუქარესტისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ხალხმა დაინახა, რომ ის სრული სისწრაფით აფუჭებდა ურთიერთობებს მოკავშირეებთან, მათ შეეშინდათ, რომ იგივე მოხდებოდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც გვაჩვენა საზოგადოების უდიდესი მობილიზება, განსაკუთრებით კი იმ თაობის,  ვინც  ევროკავშირში გაიზარდა და ვისთვისაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია. ისინი მიხვდნენ, რომ თუ ხმას არ დააფიქსირებდნენ, რუსეთის გავლენის ქვეშ გაიღვიძებდნენ”, – აღნიშნავს რუმინელი ჟურნალისტი ევრონიუსიდან, მონიკა მიჰაი.

რუსული გავლენების ქვეშ გამოღვიძების შიში აღმოსავლეთ ევროპაში სხვა სიმძაფრით იგრძნობა. საზოგადოების დაყოფის ტექნიკების ამოცნობაც ყველაზე მეტად აქ უადვილდებათ – მათ,ვისაც რუსული დიქტატის ქვეშ ერთხელ მაინც გაუვლია. არც რუმინეთია გამონაკლისი.

გასულ საუკუნეში ბუქარესტის ნაცვლად გადაწყვეტილებებს სწორედ  მოსკოვში იღებენ. გეოგრაფიამ თავისი ქნა და ქვეყანა ახლა ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრია. მაგრამ წარსული არ ნებდება.

სულ ბოლოს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუმინეთში იმ მიზეზით გაუქმდა, რომ საიდუმლო სამსახურებმა პრო-რუსი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში რუსული ჩარევა დააფიქსირეს.

ჯორჯესკუ რბოლას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა.

იმავე სასამართლოში ახლა უკვე მისი პარტნიორი, დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯორჯ სიმიონი აპირებს ჩივილს. არგუმენტი ნაცნობია, პოლიტიკოსი თვლის, რომ 2025 წლის არჩევნების მეორე ტურში – საფრანგეთი და მოლდოვა ერეოდნენ. ის სხდომაზე აპლიკაცია “ტელეგრამის” დამფუძნებლის, რუსი, პაველ დუროვის გამოძახებასაც ითხოვს, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, რომ  პარიზი მისგან რუმინეთის არჩევნებში კონსერვატიული ანგარიშების შეზღუდვას მოითხოვდა.

პარიზმა ბრალდებები უარყო, ბუქარესტი კი არჩევნებში ჩარევების რუსულ მეთოდებს სწავლობს.

“არჩევნების პროცესის პარალელურად, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოვისმინეთ გზავნილები, რომ არჩევნებში ჩარევა ხორციელდებოდა და კვალი რუსეთის ფედერაციისკენ მიდიოდა. გავრცელდა სპეციალური ვიდეოები ტელეგრამსა და ტიკტოკზე, სადაც მაგალითად თითქოსდა რუმინელი ოფიცრების ფორმაში გადაცმული ფრანგი სამხედროები ამბობდნენ, რომ თუ ნიკუშორ დანი წააგებდა, ჯარი მზად იქნებოდა მის დასაცავად ემოქმედა. ეს ერთი მაგალითია, ასეთი ბევრი ვიდეო დაიდო. სამინისტროებს რეალურ დროში უწევდათ ამგვარი ცრუ-ამბების გაქარწყლება.

მართალია რუსული ჩარევა ჯერ არ დადასტურებულა,თუმცა 2024 წლის არჩევნებს რომ მივუბრუნდეთ, მაშინ  საიდუმლო სამსახურმა გამოავლინეს რუსეთის სპეციალური კავშირები სხვადასხვა ელექტრონულ ანგარიშებთან. ნათელია რუსეთის დაინტერესება რუმინეთის არჩევნებში დიდი იყო. ეს ყველაფერი კი ჯორჯ სიმიონის კანდიდატურის სასარგებლოდ.

ძალიან საინტერესოა, თავად ჯორჯ სიმიონის ბრალდება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მისამართით, რომ ის ერეოდა რუმინეთის არჩევნებში. საგულისხმოა, რომ არჩევნებიდან 2 საათის შემდეგ ჯორჯ სიმინმა აღიარა ნიკუშორ დანის გამარჯვება, შემდეგ რამდენიმე დღე გაუჩინარდა, როცა გამოჩნდა თქვა, რომ რუმინეთს არჩევნებში ერეოდნენ. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს შესაძლოა მისი ამომრჩევლებისთვის კეთდებოდეს, რომლებსაც მეტი სურთ.

ჯორჯ სიმიონი – Copyright AP

სხვადასხვა სოციალურ ქსელში ამომრჩევლები წერდნენ, რომ სიმიონმა  მეტი უნდა გააკეთოს და არ დანებდეს. შესაძლოა სწორედ ამიტომაც შეაქვს საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ პროცესში დარჩეს და 4 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთოს კაპიტალიზება “, – ამბობს მონიკა მიჰაი, ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.

ევრონიუს რომანიას ჟურნალისტი, მონიკა მიჰაი თვლის, რომ ბოლო ტენდენციები, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ევროპის სიახლოვეს იჩინა თავი შემთხვევითი არ არის. რაც ხდება მისთვის ხანგრძლივი სტრატეგიის შედეგია, რომლის ავტორებსაც კრემლში ხედავს.

“ვფიქრობ ნათლად ჩანს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რასაც ვლადიმერ პუტინის დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად განიხილავს, რუსეთი ცდილობს მოიპოვოს პოლიტიკური უპირატესობა, როგორც პოლიტიკურმა მოთამაშემ. შესაბამისად ცდილობს უფრო ფართო დომინირების დაბრუნებას რეგიონში.  ეს ერთ ღამეში არ მომხდარა, ეს სტრატეგიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირეებმა  დიდი ხნის წინ მოამზადეს. რათა გავლენების სფერო გააფართოონ – ვსაუბრობთ მოლდოვაზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ახლა რუმინეთზე. თუმცა რუმინეთი ერთადერთია ამ ქვეყნებს შორის, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია – აქ გამარჯვება ვლადიმერ პუტინისთვის დიდი მონაპოვარი იქნებოდა.

ანუ გამარჯვება იქნებოდა ქვეყანაში ისეთი პრეზიდენტის მოსვლა, რომელიც მასთან ითანამშრომლებდა ან იდეოლოგიურად მისი გავლენის ქვეშ იქნებოდა. ისინი ცდილობენ გავლენების გაფართოებას ევროკავშირის დასუსტებით და ბლოკში პოლარიზებული ხედვების ჩამოყალიბებით, მაგრამ ევროპაში ვლადიმერ პუტინი უფრო მოწყვლადია, რადგან უპირობოდ ვერ ენდობა იმ უსაფრთხოებით გარანტიებს, რომლის მიღებასაც ის აშშ-სგან ისურვებდა. ახლა ის გრძნობს, რომ არის კარგი დრო რეგიონში გავლენები გაფართოებისთვის და შესაბამისად მოქმედებს”, – ჰყვება ჟურნალისტი მონიკა მიჰაი.

რუსული ჩარევების მოტივით 2024 წელს გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა პრეზიდენტის არჩევას 4 მაისს მიუბრუნდა.აქ ულტრა-მემარჯვენე და ამასთან პრო-რუსული განწყობების ჯორჯ სიმიონმა დამაჯერებელი შედეგი აჩვენა.

უკვე მეორე ტურში კი მას პრო-ევროპული ღირებულებების, ცენტრისტმა პოლიტიკოსმა, ნიკუშორ დანმა აჯობა.

ბუქარესტის მერმა მას  7%-ით გაუსწრო. სიმიონი შედეგების ანულირებას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში 22 მაისს მოითხოვს, ამის პარალელურად, ახალი პრეზიდენტი მთავრობის დასაკომპლექტებლად პორტფოლიოების განხილვის პროცესშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend