მთავარიაზიაღაზადასავლელი პარტნიორები ნეთანიაჰუს მთავრობას აკრიტიკებენ

დასავლელი პარტნიორები ნეთანიაჰუს მთავრობას აკრიტიკებენ

ბოლო 8 დღის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 500-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა ალყაშემორტყმულ ანკლავში ახალი თავშესაფარი ეძიოს.

ამავდროულად, ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სახით მხოლოდ საკვების „საბაზისო“ რაოდენობის შეტანას უშვებს, რაც როგორც მისი მოკავშირეების, ისევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანახმად, აბსოლუტურად არასაკმარისი და არაადეკვატურია.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, მათი თავდასხმების სამიზნე მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები არიან და უდანაშაუალო მოსახლეობის სიკვდილზე პასუხისმგებლობას, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ოპერირების გამო, „ჰამასს“ აკისრებენ.

ეს ახსნა-განმარტება არადამაჯერებელია ისრაელის არაერთი დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოსთვის. როგორც ჩანს, 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული სასტიკი ომის შემდეგ, ისრაელის ზოგიერთი მოკავშირის მოთმინება იწურება.

როგორც გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, ისინი „კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“ ისრაელის სამხედრო ოპერაციების გაფართოებას ღაზაში და „კონკრეტული ქმედებებით“ იმუქრებიან, თუ ისრაელი არ შეწყვეტს შეტევას და არ მოხსნის შეზღუდვებს ღაზის სექტორისთვის აუცილებელი დახმარების მიწოდებაზე. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე შეწყვიტა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები.

„ვაცხადებ, რომ ვწყვეტთ ისრაელის ხელისუფლებასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს. ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებებმა ეს აუცილებელი გახადა. მსურს ისრაელელ ხალხს მივამართო, ჩვენ თქვენთან მტკიცე მეგობრობა გვსურს, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ჩვენს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირებზე იქნება დაფუძნებული. მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უსაფრთხოებას; ირანისგან მომდინარე რეალური საფრთხეების, ტერორიზმის და ანტისემიტიზმის ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას. მაგრამ ღაზაში ომის წარმოება აზიენებს ჩვენ ურთიერთობას თქვენს მთავრობასთან“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ.

ღაზაში გაფართოებული სამხედრო ოპერაციების და ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ისრაელის უმსხვილესმა სავაჭრო პარტნიორმა, ევროკავშირმა, ისრაელთან ფართომასშტაბიანი სავაჭრო თანამშრომლობის შეთანხმების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.

მაისის დასაწყისში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარდგენილ წინადადებას, მხარი გაერთიანების 27 წევრი სახელმწიფოდან 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუჭირა – მათ შორის ბელგიის, საფრანგეთის, პორტუგალიის და შვედეთის.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო შეეცდება დაადგინოს, დაარღვია თუ არა ისრაელმა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირ-ისრაელის ასოცირების შეთანხმების მე-2 მუხლით დაკისრებული ვალდებულებები.

„ღაზაში არსებული ვითარება კატასტროფულია. ისრაელის მიერ ღაზაში დახმარების დაშვება მისასალმებელია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. დახმარება, დაუყოვნებლივ, შეუფერხებლად და მასშტაბურად უნდა მიეწოდებოდეს ღაზას. ეს საკითხი ისრაელთან მოლაპარაკებების დროსაც წამოვჭერი. ვესაუბრე გაეროს და რეგიონის სხვა ლიდერებსაც. ვითარების შესაცვლელად აუცილებელია ზეწოლა. დიდი უმრავლესობა ემხრობა ისრაელთან ასოცირების მე-2 მუხლის გადახედვას. ამავდროულად, ისრაელმა უნდა მოხსნას შეზღუდვები ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

როგორც ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, ომი მაშინ შეწყდება, როდესაც „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი სამშობლოში დაბრუნდება და როდესაც თავად „ჰამასი“ დამარცხდება, გადასახლდება ან განიარაღდება. თავის მხრივ, „ჰამასი“ ღაზის სექტორის ისრაელის ჯარებისან სრულად დაცლის სანაცვლოდ მძევლების გასათავისუფლებად მზადაა, თუმცა გადასახლების და განიარაღების მოთხოვნებს კატეგორიულად უარყოფს.

ამ დრომდე, ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ღაზაში, 53,000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. მათი დიდი ნაწილი ბავშვები და ქალები არიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend