„ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას მედიის პრობლემები განიხილეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტელეკომპანია „იბერიის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.
„„იბერიას“ პრობლემები დაეწყო 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში მოხდა რევოლუცია. ამასთან ერთად, დაიწყო სატელევიზიო დაჭერა. ადამიანის უფლება თუ რამე შეიძლებოდა დარღვეულიყო, ხდებოდა სწორედ ამ სატელევიზიო დაჭერის დროს.
2004 წლის 18 თებერვალი იყო, მივედით დილით სამსახურში და ვხედავთ, ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში შესულია სპეცდანიშნულების რაზმი. ჩვენ შენობაში არავინ გვიშვებს. „იბერიაში“ შესვლის პარალელურად, შევიდნენ გაზეთ „ახალ ეპოქაში“ და საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსში“ – ეს იყო ჩვენი ერთი ჰოლდინგი. ვარკვევთ, რა ხდება და გვითხრეს, რომ ტელევიზიის შენობაში კონტრაბანდას ეძებდნენ.
მალევე, არხის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს გამოგვიცხადა, რომ ტელეკომპანიის ფუნქციონირება ასეთ პირობებში ვეღარ გაგრძელდებოდა და არხი დაიხურა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზიაც უკანონოდ გასხვისდა.
ახლაც არ არის კარგი მდგომარეობა, მაგრამ ამ რეალობისა და მაშინდელი რეალობის შედარებაც არ შეიძლება. წარმოუდგენელია სპეცრაზმის შევარდნა ტელევიზიაში”, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.