მთავარისაქართველოსაზოგადოებრივმა მაუწყებელმა „რეალური სივრცის“ ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „რეალური სივრცის“ ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ ხუთი თანამშრომელი, რომლებიც არხის მენეჯმენტის შეთავაზებას არ დასთანხმდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლა.

მათი თქმით, შეთავაზება „რეალური სივრცის“ გუნდის დაშლასა და მათ სხვადასხვა გადაცემაზე გადანაწილებას ითვალისწინებდა. მათივე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა „რეალური სივრცის“ გუნდს 30 აპრილს აცნობა, რომ გადაცემის წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის, გათავისუფლების შემდეგ გადაცემის საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმებოდა.

მედიაში დღეს გავრცელებული ცნობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას გადაცემის პროდიუსერმა ქეთი კაპანაძემ დაუდასტურა. გათავისუფლებულებს შორის ქეთი კაპანაძესთან ერთად არიან გადაცემის რედაქტორი ტუხა კვინიკაძე და ჟურნალისტები სოსო კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე და ომარ წოწორია. ხუთივე მათგანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 13 მაისს გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის, გათავისუფლების შესახებ ცნობილი 11 აპრილს გახდა. მასთან ერთად „დისციპლინური მოკვლევის“ საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც. ამავე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ განცხადებაში წერდა, რომ „დისციპლინური წარმოების ფარგლებში“ კიდევ რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის „რეალური სივრცის“ გუნდის წევრების წინააღმდეგ „დისციპლინური სანქციები“ იყო გამოყენებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend