მთავარიევროპარუმინეთირუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა ცენტრისტმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. მან თავის ევროსკეპტიკოს და ნაციონალისტ მეტოქეს, ჯორჯე სიმიონს მილიონი ხმით აჯობა და ხმათა 55% მოაგროვა.

ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით გაიზარდა და 64% შეადგინა. 11 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა სასურველ კანდიდატს მისცა ხმა. განსაკუთრებული აქტივობა იყო დიასპორაში. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე არჩევანი რუმინეთის მილიონ-ნახევარზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

ნიკუშორ დანი 55 წლის პოლიტიკოსია, რომელმაც 2020 წელს დამოუკიდებელ კანდიდატად ბუქარესტის მერად იყარა კენჭი. რადგანაც რუმინეთის უმთავრეს პრობლემად ჯერ კიდევ კორუფცია რჩება, ნიკუშორ დანის კორუფციის წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ ხალხში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნიკუშორ დანმა გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა.

„ეს ჩვენი გამარჯვებაა, ესაა გამარჯვება ათასობით ადამიანის, რომლებიც კამპანიას ატარებდნენ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ რუმინეთს შეუძლია მიმართულების სწროად შეცვლა. არასდროს დაივიწყოთ ის ძალისხმევა, რომელიც ამ კვირებში გაიღეთ, რადგან ის დაგვჭირდება, როცა ერთად რაიმეს გადალახვა მოგვიწევს“, – ამბობს რუმინეთის არჩეული პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი.

4 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 38 წლის ნაციონალისტმა ჯორჯე სიმიონმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ხმათა 41% მიიღო, რაც მეორე ადგილზე გასული ნიკუშორ დანის ხმებზე თითქმის ორჯერ მეტი იყო. ნიკუშორ დანმა ხმათა მხოლოდ 21% მოიპოვა.

როგორც ჩანს, არჩევნების მეორე ტურში დამარცხების აღიარებას ჯორჯე სიმიონი ჯერ არ აპირებს. ხმების დათვლის პროცესში მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ რუმინეთის ახალი პრეზიდენტია.

„მე რუმინეთის ახალი პრეზიდენტი ვარ და გთხოვთ ნება დართოთ ყველა რუმინელს, რომლებიც რიგში დგანან, ხმის მიცემის უფლება მისცეთ. აშკარაა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებული ვართ და რუმინელი ხალხის სახელით, ამ გამარჯვებას ვაცხადებთ“, – ამბობს ჯორჯე სიმიონი.

ნიკუშორ დანს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ნიკუშორ დანის ინაუგურაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend