მთავარიევროპარუმინეთი18 მაისს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

18 მაისს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

18 მაისს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ერთმანეთს ორი კანდიდატი – ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი და პროდასავლელი რეფორმისტი ნიკუშორ დანი – დაუპირისპირდება.

ჯორჯე სიმიონი წარმოადგენს პარტიას „კავშირი რუმინელთა ერთობისთვის“, რომელმაც პოპულარობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოიპოვა და ქვეყნის მეორე უდიდესი პარტია გახდა.

პარტიის დევიზია: „ოჯახი, ერი, რწმენა და თავისუფლება“. რუმინეთში ნაციონალისტი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერა ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, სამუშაო ადგილების ნაკლებობამ და კორუფციამ განაპირობა.

პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული სპეცსამსახურების ჩარევის გამო 2024 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, ხოლო პირველ ტურში გამარჯვებულ კალინ ჯორჯესკუს ახალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუმინული საზოგადოება ორად გაყო. ჯორჯე სიმიონმა ამას დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა და კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჯორჯე სიმიონი აქ იმისთვისაა, რათა დავუბრუნდეთ კონსტიტუციურ წესრიგს, ნორმალურ მდგომარეობას, დემოკრატიას, რუმინელი ხალხის ნებას“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი.

პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი საარჩევნო უბანზე, რუმინეთი, 4 მაისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

მემარჯვენე კანდიდატების თანამშრომლობის შედეგად, 4 მაისს, ახალი არჩევნების პირველ ტურში ჯორჯე სიმიონი პირველ ადგილზე გავიდა და ხმათა 41% მიიღო და თავის მეტოქეებს დიდი სხვაობით აჯობა მაშინ, როდესაც 2024 წლის არჩევნებზე მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.

წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჯორჯე სიმიონი არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა ეს მხარდაჭერა, ყველა კვლევის მიხედვით, სულ უფრო მცირდება.

მისი მეტოქე 55 წლის მათემატიკოსი და ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი იქნება. მან 2016 წელს რეფორმისტული პარტია შექმნა, თუმცა მოგვიანებით ბუქარესტის მერობაზე კენჭი დამოუკიდებლად იყარა. დღეისათვის ის ევროკავშირის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ნიკუშორ დანი საარჩევნო კამპანიის დროს, ბუქარესტი, რუმინეთი, 11 მაისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

„ჩვენ გვჭირდება, რომ ეს ქვეყანა ხელახლა ავაშენოთ. გვჭირდება იმედი, 19 მაისიდან კი ერთიანი რუმინეთი, რათა მისი ხალხი ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებს გაუმკლავდეს“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი ნიკუშორ დანი.

არჩევნების შედეგებზე გავლენა დიასპორასაც ექნება. არჩევნების პირველ ტურში საზღვარგარეთის უბნებზე ჯორჯე სიმიონმა ხმათა 61% მიიღო. ის საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ აქტიურად აწარმოებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი იქნება საარჩევნო აქტივობაც და ის 65%-ს მიაღწევს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend