მთავარისაქართველო„საქართველო ზამთრის სპორტისთვის განსაკუთრებული ადგილი გახდება“

„საქართველო ზამთრის სპორტისთვის განსაკუთრებული ადგილი გახდება“

საქართველომ სკი-კროსისა და სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასების ეტაპებს უმასპინძლა. ბაკურიანი პირველი სამთო სათხილამურო კურორტია, სადაც სკი-კროსში მამაკაცებსა და ქალებს შორის შერეული გუნდების შეჯიბრი ჩატარდა.

ევრონიუს ჯორჯიას ამ თემაზე  მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო შეჯიბრებების კონსულტანტი – ჰელო ჰაასი, სპორტული ჟურნალისტი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, პატრიკ ლანგი და გიორგი რამიშვილი,  „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი. აქვე ვიტყვით, რომ უკვე 20 წელია, ჯერ „სილქ როუდ ჯგუფი“, შემდეგ კი „სილქნეტი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული სათხილამურო ნაკრების გენერალური სპონსორები არიან.


– ბატონო პატრიკ, თქვენ სულ ახლახან დაბრუნდით ბაკურიანიდან. როგორ ჩაიარა მსოფლიო თასის ეტაპებმა სკი-კროსში და სნოუ-ბორდ კროსში?

პატრიკ ლანგი: „მხოლოდ კომპლიმენტები ეკუთვნის ყველას, ვინც ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობას ვუხდი ღმერთსაც, რადგანაც ბაკურიანში შესანიშნავი ამინდი იყო. მსოფლიო თასზე ასეთი კარგი ამინდი დიდი ხანია არ ყოფილა. ოფიციალური პირები, მონაწილეები, მაყურებლები, მედიის წარმომადგენლები, კმაყოფილები იყვნენ. ვფიქრობ, რომ ამისათვის ყველამ ძალიან ბევრი იშრომა. დიდი მხარდაჭერა გვქონდა საქართველოს მთავრობისგან. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი წარმატებაა.  გაკეთდა ის, რაც მსოფლიო სათხილამურო სამყაროს უნდა ენახა. დავამტკიცეთ, რომ საქართველოში შესაძლებელია, შესანიშნავი შეჯიბრის ჩატარება“.

– ბატონო ჰელო, ბაკურიანიდან თვენც ახლახან დაბრუნდით. როგორ შეაფასებდით საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას?

ჰელო ჰასი:

„საორგანიზაციო კომიტეტი შესანიშნავ ფორმაში იყო. საქართველოში ყოფნით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.  მსოფლიო თასი სრულფასოვნად ჩატარდა. ეს ნამდვილად, წინ გადადგმული ნაბიჯია“.

– ბატონო გიორგი, თქვენ მინდა მოგმართოთ, როგორი იყო ბაკურიანი ადრე და როგორ გახდა ისეთი სათხილამურო კურორტი, რომელსაც მაღალი დონის შეჯიბრებების მასპინძლობა შეუძლია?

გიორგი რამიშვილი:

„მე ბაკურიანში გავიზარდე… მახსოვს საბჭოთა კავშირის დროინდელი ბაკურიანი… მერე როცა კავშირი დაიშალა,  ყველაფერი მოიშალა და  ტურიზმი დრამატულად შემცირდა. ახლა კი, ბაკურიანი თანდათან კვლავ ხდება განსაკუთრებული ადგილი. მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო  პატრიკ ლანგსა და ჰელო ჰასს, იმისათვის რომ ჩვენი გუნდის წევრები არიან. სნოუბორდისა და სათხილამურო ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების იდეა 10 წლის წინ  პატრიკთან ერთად გამიჩნდა და ჩვენი ოცნება ახდა. ჰელო ჰასი ძალიან გამოცდილი, მსოფლიო დონის მენეჯერია, რომელიც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და კიდევ რამდენიმე ჩემპიონატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორია. პატრიკ ლანგი და ჰელო ჰასი ჩვენს ახალგაზრდულ და ენერგიულ  გუნდს წვრთნიან, რომელიც საქართველოს სათხილამურო გუნდისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ არის დაკომპლექტებული. გუნდში არაერთი მოხალისეცაა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საგანგებო ინფრასტრუქტურაა საჭირო. მიტარბიდან დიდველამდე ტრასების უწყვეტი სისტემაა შექმნილი. ეს არის მიტარბი, კოხტა, ტატრა, „გონდოლა“, სამი ახალი ხაზი, რომელიც საგანგებოდ მსოფლიო თასისთვის შეიქმნა და დიდველის საბაგირო, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა. მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგანაც იგი ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენს იდეას. მადლობას ვუხდი მთავრობასაც, რადგანაც, მიუხადავად საშინელი პანდემიის წლისა, მთავრობამ ძალიან რთული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, წყლით მოემარაგებინა ბაკურიანი. ეს ხელოვნური გათოვლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლებამ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად და კარგად მოაგვარა. ამან მოგვცა შესაძლებლობა, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, ხელოვნური თოვლი შეგვექმნა. ეს განსაკუთრებით თებერვალში დაგვჭირდა, რომელიც უთოვლო და მშრალი გამოდგა. ამრიგად ახლა არსებობს ტრასებისა და საბაგიროების ერთიანი, შეკრული სისტემა. ამას კიდევ დაემატება  ხელოვნური გათოვლიანების  აპარატები რომელთაც წყლით ორი, საგანგებოდ ამისათვის შექმნილი ტბა მოამარაგებს  2023 წელს, როდესაც ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, აქ ორი ხელოვნური ტბა იქნება. ეს ინფრასტრუქტურა ბაკურიანს უმაღლესი დონის სამთო-სათხილამურო კურორტად აქცევს. ეს საქართველოსთვის განსაკუთრებული ბიძგი იქნება, რომ გამორჩეული სამთო-სათხილამურო კურორტების ადგილად იქცეს. კავკასიასა და საქართველოში, ბაკურიანის გარდა ძალიან ბევრი შესანიშნავი მთა გვაქვს, ამიტომაც ეს ადგილი მსოფლიოს ზამთრის სპორტისთვის შესაძლოა განსაკუთრებული გახდეს.

– ბატონო პატრიკ, რა იყო მთავარი გამოწვევები მსოფლიო თასის მოსამზდებელ ეტაპზე?

პატრიკ ლანგი:

„ჩამონათვალი დიდი იქნება.  პირველ რიგში ამინდის გამო. ამინდს ვერ მართავ. გამოსავლის მოსაძებნად ბევრი ვიბრძოლეთ. ტრასის მომზადება თოვლის გარეშეც შევძელით. შემდეგ თოვლიც მოვიდა. ეს ყველასთვის ახალი გამოწვევა იყო, ჰელოს გარდა, რომელმაც ყველაფერს მშვენივრად უხელმძღვანელა. სნოუბორდის ფრისტაილი ძალიან კომპლექსურია. მსოფლიო ჩემპიონატზე 30 მედლის ტურნირი გვაქვს, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. სკი-კროსისა და სნოუბორდ-კროსისათვის კი ტრასის შექმნა – შემოწმება იყო საჭირო საკმაოდ რთულ გარემოში. ამისათვის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წევრებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეიქმნა.   ეს ყველასთვის მნივნელოვანი გაკვეთილი იყო. ყველამ ისწავლა, ყველა გაიზარდა. ვფიქრობ, რომ ახლა ყველამ იცის, რა არის საჭირო იმისათვის, რომ გუნდი წარმატებული იყოს და ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლოს. როგორც გიორგი რამიშვილმა თქვა, ჩვენ ამაზე 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ყოველი წლის შემდეგ რაღაც ახალს ვსწავლობდით. ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან. ტურნირები ჩავატარეთ… ყველა ბედნიერი და გაკვირვებულია. სპორტსმენები, მწვრთნელები, ჰელოც კი აღნიშნავს, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, რაც ჩვენთვის მთავარია.

– როგორც პატრიკ ლანგმა აღნიშნა, მოსამზადებელ პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემა იყო. როგორი იყო მუშაობის პროცესი ქართულ საორგანიზაციო კომიტეტთან? რამდენად ითვალისწინებდნენ ისინი თქვენს რჩევებს?

ჰელო ჰასი:

„მათ კარგი განათლება მიიღეს. ამისათვის ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავუშვით რამდენიმე ღონისძიებაზე,  რომ ენახათ, როგორ იმართება  მსოფლიო თასები. მათ ძალიან კარგად იმუშავეს, მიღებული ცოდნა ადგილობრივებს გაუზიარეს, ამიტომაც ბაკურიანში შესანიშნავი გუნდი გვყავდა. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასაც კარგად გავართმევთ თავს, თუმცა წინ დიდი გზაა“.

– საქართველოსთვის რას ნიშნავს ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობა და, რაც შეეხება, მაგალითად, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებას, რა გეგმებია ბაკურიანში ამ მხრივ?

გიორგი რამიშვილი:

„საქართველოსთვის ეს პირველი ნაბიჯია სათხილამურო და ზამთრის სპორტის საერთაშორისო ოჯახში გასაწევრიანებლად და ახლა ყველამ დაინახა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია უმაღლესი დონის შეჯიბრები ჩაატაროს. ცნობისთვის, სხვადასხვა წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ღონისძიება 40 მილიონ ადამიანს მისწვდა, მილიონობით ადამიანმა ნახა საქართველო, ბაკურიანი, და ის, თუ როგორ ჩატარდა ყველაფერი. უკვე რუკაზე გამოვჩნდით ძალიან დადებითად. ეს საკმაოდ იშვიათი რამაა მსოფლიო პანდემიის პირობებში. რაც შეეხება ბაკურიანის მომავალს, ვფიქრობ, რომ ეს სათხილამურო ტრასები საერთაშორისო დონისა და მნიშვნელობის იქნება. ალბათ პატრიკი და ჰელოც დამეთანხმებიან ამაში, ისინი ძალიან გამოცდილები არიან სათხილამურო ინდუსტრიაში, უფრო მეტიც, პატრიკ ლანგის მამა, სერჟ ლანგი განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომელმაც შექმნა მსოფლიო თასი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურნირია მსოფლიოში. თუ საბაგიროს სიგრძეს გავზრდით,  სამომავლოდ შესაძლებელია, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ნებართვით, ალპური შეჯიბრებები ჩავატაროთ – სლალომი, გიგანტური სლალომი, სწრაფდაშვება… საქართველო გახდება ევროპის ნაწილი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნამდვილი ევროპული სპორტია, ყველა ევროპული და დასავლური ქვეყანა ერთხმად ისაუბრებს ამაზე, ესაა ჩემთვის ბაკურიანის და ზოგადად ზამთრის სპორტის მომავალი საქართველოში“.

– ბატონო პატრიკ, თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ ტურიზმისა და მთის კურორტების განვითარებაზე საქართველოში, რა როლს ასრულებს ამაში, ისეთი ტურნირები ახლა რომ ჩატარდა ბაკურიანში?

პატრიკ ლანგი:

„როდესაც მე აქ 10 წლის წინ პირველად ჩამოვედი, ჩვენ უკვე ვფიქრობდით იმაზე, როგორ ჩამოგვეყვანა საქართველოში ხალხი და შესაბამისი გარემო შეგვექმნა. 4-5 წლის წინ გიორგი რამიშვილთან და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წევრებთან ერთად ჩვენ ვთქვით, რომ საუკეთესო გზა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, შესაძლოა, მასშტაბური, მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება ყოფილიყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაც სიხარულით შეხვდა ამ ამბავს, რადგან ეს სიახლე გააფართოვებდა თვალსაწიერს. რაც შეეხება ამ ყველაფრის მიზანს – რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს პოპულარიზაცია გვინდოდა. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანას იქ ჩასვლის გარეშე ვერ დააფასებ. როცა საქართველოს  ვახსენებთ, რა არის საქართველო…  ეს არის ქვეყანა შავ ზღვასთან, კავკასიაში… ჩვენ უნდა მივაწოდოთ მსოფლიოს ინფორმაცია და ასეთი ღონისძიება ამაში ძალიან გვეხმარება. ჩვენ უნდა შევქმნათ ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ. მაგალითად, ჩვენ გვყავდა გამარჯვებულები ჩეხეთის რესპუბლიკიდან, და ეს შესანიშნავია, იმიტომ რომ მოთხილამურეს გამარჯვება, მთავარი ამბავი იქნება იმ ქვეყნის მედიაში. იგივე ითქმის  ბრიტანელ გამარჯვებულზეც. მშვენიერია… ახლა ხალხი მეტს გაიგებს საქართველოში თხილამურებით სრიალის შესახებ.  მაგრამ ეს გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. როდესაც პანდემია დასრულდება და ტურიზმი კვლავ აღდგება, ჩვენ ასევე გვინდა ვიზრუნოთ, რომ საქართველოში იყვნენ ბავშვები, რომლებიც სწავლობენ სრიალს და სიამოვნებას იღებენ ამ სპორტისგან… როდესაც რამდენიმე წლის წინ ბორჯომში ვიყავით, სკოლას ვესტუმრეთ. შევედი საკლასო ოთახში, სადაც 25 ბავშვი იყო, და 25-დან მხოლოდ ორი სრიალებდა თხილამურებზე. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა თხილამურები უფრო პოპულარული გავხადოთ საქართველოში.  ასევე გვინდა რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები, სათხილამურო ტურიზმს შეუძლია გაზარდოს მთის კურორტებზე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. კავკასიაში საოცარი მთებია, მაგრამ ხალხი იქ ვერ საქმდება, ჩვენ უნდა წავახალისოთ ტურიზმი, რომ გაჩნდეს სამუშაო,  რომ ხალხმა მთები არ მიატოვოს. გახდნენ მწრთვნელები, იმუშაონ საბაგიროებზე, ჰქონდეთ სასტუმროები, რესტორნები. ასე რომ გვაქვს ეს სამი მიზანი, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ და რომლისკენაც მივიწევთ ამ ტურნირების საშუალებით“.

– ბატონო გიორგი, რა ხდება ამ ტურნირების შემდეგ… გახდა თუ არა ბაკურიანი უფრო ცნობილი და რა იყო მსოფლიოს რეაქცია ამაზე? რას მოუტანს ეს ყველაფერი მთის მაცხოვრებლებს? გაუხსნის თუ არა ეს მათ ახალ შესაძლებლობებს?

გიორგი რამიშვილი:

„აბსოლუტურად! ჩემთვის, ეს არის საქართველოს, ჩვენი, კავკასიის მთების დიდი განვითარების დასაწყისი. ბაკურიანის გარდა, როგორც იცით, ჩვენ გვაქვს გუდაური, ყაზბეგი, სვანეთი, გოდერძი, ბახმარო, ჩვენ გვაქვს ბევრი არაჩვეულებრივი ადგილი მთაში… და ეს მხოლოდ დასაწყისია. რა თქმა უნდა, ჩემთვის, და ყველასთვისაც ცხადია, რომ ისეთი ქვეყნის განვითარება, რომლის 65 პროცენტიც მთაა,   იწყება და გადის მთების გავნითარებაზე. თუ ჩვენ სწორად განვავითარებთ მთას, მივიღებთ საოცარ შესაძლებლობებს ბიზნესის, განათლების, სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.  განვითარდება ტურიზმი, სპორტი, ძალიან ბევრი დადებითი ცვლილება შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც გავხდი სათხილამურო სპორტის სპონსორი, არა მხოლოდ ამ სპორტის სიყვარულის გამო, არამედ ხედვით, რომ მთების სწორი განვითარებით, ასეთი, უმაღლესი კლასის შეჯიბრებების ჩატარებით, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა“.

– ბატონო ჰელო, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პანდემიაზე, რაც სპორტშიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო. რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ზამთრის სპორტზე?

ჰელო ჰასი:

პანდემიამ ზამთრის სპორტზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.  ზოგი სათხილამურო კურორტი კვლავ დაკეტილია. სათხილამურო ინდუსტრია მნიშვნელოვნად დაზარალდა.  ამიტომაც, განსაკუთრებული მიღწევაა, რომ პანდემიის პირობებში ასეთი ღონისძიება ჩავატარეთ და საქართველოში სპორტის დიდ საერთაშორისო ოჯახს ვუმასპინძლეთ. ორგანიზაციულადაც, ეს რთული იყო – გვიწევდა ძალიან ბევრი კოვიდის  ტესტის ჩატარება, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. საბედნიეროდ, კორონას არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

– ამ პირობებში, ბაკურიანმა მაინც შეძლო ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება. ეს იყო მსოფლიოში პირველი შერეული შეჯიბრი მამაკაცებსა და ქალებს შორის, რას ფიქრობთ, ეს ერთჯერადი რამ არის, თუ  სამომავლოდაც ასე იქნება?

ჰელო ჰასი:

„იმედი მაქვს, რომ კი. ეს საქართველოს სათხილამურო ფედერაციაზეა დამოკიდებული და პარტნიორებზე, რომლებმაც უნდა დააფინანსონ.  ასეთი შედეგებით, გუნდით, მართლაც გასაკვირი იქნება რომ ეს ასე არ მოხდეს და არ გაგრძელდეს, იმდენად  კარგად ჩატარდა ყველაფერი“.

– ბატონო გიორგი, თქვენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მთავარი სპონსორი ბრძანდებით, რა სირთულეებს შეხვდით, რა პრობლემები შეგიქმნათ თქვენ და საორგანიზაციო კომიტეტს პანდემიამ?

გიორგი რამიშვილი:

რა თქმა უნდა, პანდემიამ ყველაზე მოახდინა გავლენა, მაგრამ  აქ, მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის უდიდეს და განსაკუთრებულ შრომას. ასევე მთის კურორტების განვითარების კომპანიას და ყველა მოხალისეს. ჩვენ ახლა 80-მდე ახალგაზრდა მოხალისე გვყავდა, რომლებიც დღედაღამ მუშაობდნენ ძალიან დიდი მონდომებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რადგან მათ მხარი დაგვიჭირეს და დიდი  სამსახური გასწიეს, რაც პანდემიის დროს,  არც ისე მარტივია.  რა თქმა უნდა, ახლა რთული დროა, მაგრამ საქართველოსთვის ეს იყო დიდი გამოწვევა და მიღწევა, განსაკუთრებით პანდემიის დროს. ეს ნიშნავს, რომ მომავალი ძალიან დამაიმედებელია.

– ბატონო პატრიკ, რას გვეტყვით ბაკურიანზე და ზოგადად საქართველოზე, როგორ ჩანს იგი ევროპიდან?

პატრიკ ლანგი:

„ჩემს ევროპელ მეგობრებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მე აქ ვარ, საქართველოში. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველამ, ვინც შეჯიბრი იხილა, აღფთოვანებულია ამ ქეყნით. აღფრთოვანებულია მთებით, მათი სილამაზით. თქვენ ახსენეთ გუნდური შეჯიბრი. განსაკუთრებით საინტერესო იყო, რომ ქალები კაცების შემდეგ გამოვიდნენ და სწორედ ქალებზე იყო დამოკიდებული, ვინ გაიმარჯვებდა. ეს მართლაც ამაღელვებელი გახლდათ. სპორტს რომ თავი გავანებოთ, ახალგაზრდებმა, ძალიან კარგი დრო გაატარეს. ზოგადად მთელი სათხილამურო სამყარო მადლობელია საქართველოსი, ქვეყნისა, რომელმაც მთელ ამ არაჩვეულებრივ შეჯიბრებს, სკი-კროსს, სნოუბორდ-კროსს უმასპინძლა. უკვე გითხარით და კიდევ ვიმეორებ, თუ საქართველოში არ ხარ ნამყოფი, ამას ვერ გაიგებ, ვერ გაიგებ თუ როგორი გემრიელია მისი სამზარეულო, რა ლამაზია ეს ქვეყანა. თუ არ წახვედი მესტიაში, მას ვერ შეიყვარებ. საქართველოს სიმალაზის შეგრძნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეწვევი ყაზბეგს, თუშეთს, ნახავ სამების ტაძარს ყაზბეგში, რომელიც მსოფლოს ათი საოცრებიდან ერთ-ერთია. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოვნახოთ გზები, რათა ხალხი მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ ჩამოვიდნენ აქ, უნდა ვითარანმშრომლოთ ტურისტულ სააგენტოებთან, უნდა ავუხნათ, რომ უნდა აღმოაჩინონ საქართველო, ქვეყანა, რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ იდუმალია, თუმცა დღეს შესაძლოა არც თუ ისე უცხო, რადგან გასულ წელს აქ დაახლოებით 8 მილიონი ვიზიტორი იყო.  ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ, რომ საქართველოში თავისუფლად შეუძლიათ იცხოვრონ და გაერთონ, იხილონ ამ მთების სილამაზე, მათი უნიკალურობა. აქ საქმე მხოლოდ თხილამურებით სრიალში არაა. ბაკურიანი შესანიშნავი ადგილია, მაგრამ ასევე ულამაზესია ბორჯომი, გუდაურის გასაოცარი მთები, თბილისი. ვფიქრობ ეს უნდა იყოს ერთიანი კონცეფცია, რომელსაც პოტენციურ ტურისტებს შევთავაზებთ“.

– ბატონო ჰელო, თქვენ რას გვეტყვით თქვენს შთაბეჭდილებებზე ბაკურიანსა და საქართველოზე? საინტერესოა თქვენი მეგობრების შეფასებაც.

ჰელო ჰაასი:

„გულახდილად გეტყვით, ძალიან დადებითი გამოხმაურებები მივიღე. ჩემი მეგობრების ნაწილმა იცოდა, რომ აქ ვიყავი და თვალყურს ადევნებდა საქართველოში გამართულ ღონისძიებებს. იცით როგორი რეაქცია ჰქონდათ? ჰეი, ეს მართლა საქართველოა? რა ლამაზია, როგორი განვითარებულია! და მინდა გავიმეორო ის, რაც გიორგი რამიშვილმა თქვა – ხალხი აქ ძალიან ღია და მეგობრულია. ყველა გესალმება, გიღიმის. უდიდესი სიამოვნებაა საქართველოში მუშაობა. წარმატებული ღონისძიებისთვის სამი რამაა საჭირო: პირველი, ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან კარგად იყო განვითარებული, მეორე- თოვლი, რადგან ღონისძიება ზამთარში ტარდება და მესამე-ხალხი, ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს გააკეთებენ. ეს არის სამი მთავარი კომპონენტი, რომელთა ერთიანობაც საქართველოში ნამდვილად არის. ყველაფერი – საკვები, სასტუმროები, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. ერთადერთი რაც შემიძლია ვუთხრა ყველას: წადით, აღმოაჩინეთ საქართველო“.

– ბატონო გიორგი, ჩვენ მოვისმინეთ ევროსპორტის კომენტატორების რეაქციები და მთელი მსოფლიოს შეფასება, როგორ აქებდნენ ბაკურიანის ტრასებს, გარემოს, თქვენ როგორ შეაფასებთ საერთაშორისო გამოხმაურებას?

გიორგი რამიშვილი:

„მეც მივიღე რამდენიმე მეილი მაღალი დონის ოფიციალური პირებისგან. ყველა გვილოცავს, გვეუბნება, რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. იცით, არავინ შეგაქებს, თუ მართლა კარგად არ შეასრულებ საქმეს. ის ადამიანები, რომლებიც ახლა თქვენს წინაშე სხედან, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები არიან. რა თქმა უნდა, ისინი არასდროს იტყვიან იმას, რაც სიმართლე არ არის.  ჩვენ მივიღეთ ძალიან დადებითი გამოხმაურება.  პირადად მე ბევრი ადამიანი დამიკავშირდა. არ მინდა მათი რეგალიები ჩამოვთალო, თუმცა ისინი უმაღესი დონის პროფესონალები არიან და გვილოცავენ ჩვენ და მთელ საქართველოს…

მინდა პატივი მივაგო ერთ ადამიანს, რომელმაც დიდი ხნის წინ დაარსა საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. ვსაუბრობ ლევან ლორთქიფანიძეზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ის გახლდათ ჩვენი ფედერაციის ყველაზე ხანდაზმული დელეგატი და სკი-კროსის ჩემპიონატამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. მინდა მის ხსოვნას პატივი მივაგო. ჩვენთვის დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ ამ ღონიძიებაზე ის ჩვეთან ერთად ყოფილიყო. სწორედ მისმა თაობამ დაიწყო ამ სპორტის განვითარება საქართველოში და მინდა ის კიდევ ერთხელ გავიხსენო“.

– ბოლოს მინდა თითოეულ თქვენგანს ვკითხო, ბატონო პატრიკ, თუ შეილება თქვენგან დავიწყებ, რას ფიქრობთ ბაკურიანის პოტენციალზე, მის პერპექტივებზე უმასპინძლოს მსგავსი მაღალი დონის შეჯიბრებს?

პატრიკ ლანგი:

„ბაკურიანს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ალპური ღონისძიებების ჩატარებისთვის. კარგი იქნებოდა, რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური თუ საორგანიზაციო გარემო,  რომელიც ბაკურიანს განვითარებაში დაეხმარება. ბაკურიანი ბორჯომზეა დამოკიდებული. კარგი იქნებოდა, ბაკურიანს საკუთარი ტურისტული ცენტრი ჰქონდეს განვითარებისთის. ბაკურიანის სკოლასთან არის ერთი გორაკი, პატარა ტრამპლინი, როცა ეს ადგილი ვნახე, ვიფიქრე, რა ბედნიერები იქნებიან ბავშვები, თუ ერთ დღესაც აქ გაკეთდება საბაგირო. ეს შესაძლებლობას მისცემდა ბავშვებს ამ ტრამპლინზე ევარჯიშათ. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან. კარგია, ასეთი ჩემპიონატების გამართვა, მსოფლიო თასი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ საწყისებიდან, უნდა დავძებნოთ გზები, რომ ბავშვები ამ სპორტით დავაინტერესოთ. ბავშვებს გაუჩნდეთ ინტერესი მთებისადმი და თხილამურებით სრიალის შესწავლა დაიწყონ. ეს არაჩვეულებრივი სპორტია. ჩვენთვისაც ძალიან ამაღელვებელია, რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ მასშტაბური ღონისძიების ჩატარებაში, თუმცა ჩვენ ასევე გვინდა რჩევის სახით გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, თუ როგორ შეილება ამ ქალაქის განვითარება, ისე, რომ ის ძალიან ძლიერ კურორტად იქცეს, ახალი მარშრუტებით, ახალი შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი მოიზიდავს ხალხს ამ რეგიონში და ისინი არამარტო ჩამოვლენ ბაკურიანში, არამედ ყოველთვის დაბრუნდებიან“.

გიორგი: ბატონო ჰელო, თქვენ რას იტყვით ბაკურიანის პოტენციალზე? რამდენად დიდია მისი სამომავლო პერსპექტივა?

ჰელო ჰასი:

„განუსაზღვრელი. მას შემდეგ რაც აქ ვიხილე და აღმოვაჩინე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბაკურიანის პოტენციალი უსაზღვროა.  თუმცა ეს ყველაფერი თანდათანობით  უნდა გაკეთდეს. ყველაფერს ერთად ვერ შეძლებ. აშკარაა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურას მეტად განვითარება სჭირდება, რადგან ამ ეტაპზე იქ მხოლოდ ისეთი ღონისძიების გამართვაა შესაძლებელი, რომელიც  უკვე ჩატარდა. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შეიქმნას უსაფრთხო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც გამართულად იმუშავებს ჩემპიონატისთვის. როგორც ვიცით, შემდეგი ნაბიჯი სწორედ ჩემპიონატია. თუმცა იქამდე, გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს“.

– და ბოლო შეკითხვა ბატონ გიორგისთან მექნება: ბაკურიანი 2025 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. რას ნიშნავს ეს საქართველოს ახალგაზრდობისათვის ზამთრის სპორტის მიმართულებით და თქვენ რას ფიქობთ ბაკურიანის პოტენციალზე?

გიორგი რამიშვილი:

„ესეც არის გაგრძელება იმ პროცესისა, რომელიც გულისმობს მსოფლიო თასს, მსოფლიო ჩემპიონატს 2023-ში და სწორედ შემდეგ ჩვენ ვუმასპინძლებთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს. რა თქმა უნდა, ქვეყანა მეტად განავითარებს ინფრასტრუქტურას. მსგავსი ღონისძიებების დახმარებით ახალგაზრდები საქართველოში, მეტად ჩაერთვებიან სხვადასხვა სახეობის სპორტში, ტურიზმში. დასაქმდებიან გიდებად, გვეყოლება მოხალისეები, მწვრთნელები. შეიქმნება ბევრი სამუშაო ადგილი. სწორედ ეს არის ბაკურიანისა და მთების მომავალი. როგორც იცით, ბაკურიანის გარშემო მრავალი გასაოცარი მთაა, რომლებიც ჯერ-ჯერობით განვითარებული არ არის. მსგავსი ღონისძიებები კი სწორედ ბაკურიანის გარშემო მდებარე მთების განვითარების საწინდარიც გახდება. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ვფიქრობ, 2023 წლის ჩემპიონატის ძალიან კარგი გაგრძელებაა. ჩვენი მიზანი კი არის – ჩავატაროთ ნამდვილი ალპური მსოფლიო თასი, რაც შესაძლოა ძალან მალე მოხდეს, თუ ასე გავაგრძელებთ ზამთრის სპორტის განვითარებას საქართველოში“.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend