მამაკაცი, რომელმაც თითქმის ოთხი ათწლეული გაატარა ბრიტანეთის ციხეში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის, ამბობს, რომ არც გაბრაზებულია და არც გულნატკენი. როგორც აღმოჩნდა, მას დანაშაული არ ჩაუდენია.
ბრალდება ახლად გამოქვეყნებული დნმ-ის მტკიცებულების შედეგად გაუქმდა. პიტერ სალივანი ემოციებს ვერ იკავებდა, როდესაც ლონდონის სააპელაციო სასამართლომ მისი განაჩენის გაუქმება დაადასტურა.
ადვოკატმა სარა მაიატმა სასამართლოს გარეთ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში სალივანი ერთადერთია, რომელმაც უკანონო განაჩენის საფუძველზე ამდენი წელი გაატარა ციხეში.

მან საჯაროდ წაიკითხა პიტერის წერილი:
„ოთხი ათწლეულის წინ დამაპატიმრეს დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩამიდენია. ყველამ ვიცით, რამდენად განსხვავებულია ის დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, მეცნიერული მიღწევების, სამართლებრივი პრაქტიკის, გამოძიებისა და დაკითხვის მეთოდების გათვალისწინებით. რაც დამემართა, არასწორი იყო, თუმცა უფრო დიდი საშინელება ის მკვლელობა იყო. მე არ ჩამიდენია დანაშაული და არც ვინმე მომიკლავს ჩემს ცხოვრებაში. ღმერთია მოწმე! ნათქვამია, რომ სიმართლე გაგათავისუფლებთ. არავინ ვიცით, როდის, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იზეიმებს. ჩემ მიმართ უსამართლობაც გამოაშკარავდა. მე არ ვარ გაბრაზებული, არც განაწყენებული. უბრალოდ მოუთმენლად ველი საყვარელ ადამიანებსა და ოჯახთან დაბრუნებას, რადგან მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ის დრო, რომელიც დამრჩა ამქვეყნად“, – წერს პიტერ სალივანი.
სალივანი 1987 წელს ლივერპულთან ახლოს, ბებინგტონში, დაიან სინდალის მკვლელობისთვის გაასამართლეს. მან გისოსებს მიღმა 38 წელი გაატარა. როგორც პოლიცია ამბობს, 21 წლის ფლორისტ სინდალს, რომელიც 1986 წლის აგვისტოში გვიან ღამით სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, საწვავი გამოელია. თვითმხილველებმა იგი ბოლოს გზის პირას მიმავალი შენიშნეს.
პიტერ სალივანის და კიმ სმიტი ამბობს, რომ პიტერი 39 წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. მისი თქმით, ვერც მათ გაიმარჯვეს, ვერც პიტერმა და ვერც სინდალების ოჯახმა, რომლებმაც ქალიშვილი დაკარგეს, რადგან ისინი მას ვერ დაიბრუნებენ. პიტერი დაიბრუნეს, ამიტომ ახლა უნდა ეცადონ, თავიდან დაიწყონ ცხოვრება. იგი მწუხარებას გამოხატავს სინდალების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
გამოძიება თავიდან დაიწყო. მერსისაიდის პოლიციამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დამნაშავის მოსაძებნად და დასაკავებლად.