ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აცხადებს, რომ ინდოეთმა შეაჩერა სამხედრო მოქმედებები. თუმცა შესაბამისი რეაქცია ექნება, თუ მისი ქვეყანა მომავალში ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდება.
ეს მისი პირველი საჯარო განცხადებაა ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რომელიც ყველა სამხედრო მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს. როგორც ინდოეთისა და პაკისტანის ხელისუფლებაში ამბობენ, მათ ქვეყნებს შორის არსებულ მძიმედ მილიტარიზებულ რეგიონში ღამით სროლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმის შემდეგ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებამ საფრთხე შეუქმნა რეგიონულ მშვიდობას.
“ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს საპასუხო მოქმედებებს პაკისტანის ტერორისტული და სამხედრო ბანაკების წინააღმდეგ. მომდევნო დღეებში ყურადღებით დავაკვირდებით პაკისტანის ყოველ ნაბიჯს, თუ როგორი პოზიცია ექნებათ მათ მომავალში.
ოპერაცია „სინდურმა“ ტერორიზმის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში ახალი სტანდარტი, პარამეტრი და ნორმა შექმნა.
თუ ინდოეთზე ტერორისტულ თავდასხმას გააგრძელებენ, შესაბამისი რეაქცია გვექნება. პასუხს მხოლოდ ჩვენი პირობებით გავცემთ. მივიღებთ მკაცრ ზომებს ყველა იმ ადგილას, საიდანაც ტერორიზმის ფესვები იღებს სათავეს”, -აცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი