რუმინეთში 18 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, პირველ ტურში გამარჯვებული ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი და ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი. შედეგებმა რუმინეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
კანდიდატებმა უკვე დაიწყეს კამპანიის წარმოება და ჯორჯე სიმიონმა მედიასთან საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრა. მან ამჟამინდელი ხელისუფლება დემოკრატიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ძალაუფლებამ არ დააბინძურა.
„რუმინელები განაწყენებული არიან. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არჩევნების გაუქმებაზე ყოველდღე ვერ მოისმენთ. სინამდვილეში ეს აქამდე არასდროს მომხდარა. რა თქმა უნდა, რუმინელებს ცვლილებები სურთ. მათ არც სამთავრობო კანდიდატები და არც ბუქარესტის ამჟამინდელი მერი სურთ. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა მთავრობაში და არასდროს ყოფილა იმათი პარტნიორი, ვინც ეს სახელმწიფო გადატრიალება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოაწყო“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი.
ჯორჯე სიმიონმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ის შეეხო რუმინეთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას – სამუშაო ადგილების ნაკლებობას. მან, აგრეთვე, ისაუბრა ლგბტ უფლებებზე და აღნიშნა, რომ მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მდიდარი სახელმწიფო და კეთილდღეობა შევქმნათ აქ, რუმინეთში. რამდენიმე სტატისტიკას ვეცნობოდი, მშპ-ის მაჩვენებლით საბერძნეთსა და უნგრეთს ჩამოვრჩებით, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობს. ჩვენ ცხოვრების ყველაზე დაბალი ხარისხი გვაქვს და ვერ ვგრძნობთ ევროკავშირის წევრობისგან მიღებულ სარგებელს. ამრიგად, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემს ხალხს, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრებს, ჰქონდეს ნორმალური ცხოვრება აქ, სახლში და არ მოუწიოს საზღვარგარეთ მუშაობა, სხვა სახელმწიფოების ბიუჯეტის შევსება“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი.
„რაც შეეხება ლგბტ უფლებებს, არაფერი, რაც მათ აქვთ, არაფერს შევეხები, არავინ დაზარალდება. ყველას უფლებაა ჰქონდეს ისეთი სექსუალური ორიენტაცია, როგორიც სურს“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი.
მისი თქმით, პრეზიდენტის რანგში ლეგიტიმაცია მხოლოდ კალინ ჯორჯესკუს აქვს, თუმცა თუ თავად გაიმარჯვებს, კალინ ჯორჯესკუს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელებს.
„ჩვენ ახლახან გავუშვით პრემიერ-მინისტრი, მათ არ აქვთ უმრავლესობა, უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდებათ. რა თქმა უნდა, გვქონდა გარკვეული იდეები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე, მაგრამ ახლა განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვართ. ჩემი და ბევრი რუმინელის აზრით, ლეგიტიმური პრეზიდენტი კალინ ჯორჯესკუა და თუ ის მოინდომებს, თუ პრემიერ-მინისტრობას ითხოვს, მე მას წარვადგენ, რადგან მას რუმინელებმა მისცეს ხმა. მე პატივს ვცემ დემოკრატიას“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი.
კალინ ჯორჯესკუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულია, თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის გამო ჯორჯესკუს ახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
ჯორჯე სიმიონმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა, რომ წინააღმდეგია რუმინელი ჯარისკაცების ნატოს არაწევრ ქვეყნებში გაგზავნის.
„მე არ ვეთანხმები ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებს მიღმა ჯარისკაცების გაგზავნის იდეას და არ მგონია, რომ ომის ესკალაცია გამოსავალია. დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა სწორედ იმ მანდატით, რომ ის ხალხს მშვიდობას დაჰპირდა. ახლა ის ვალდებულია, მშვიდობა უზრუნველყოს“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი.
ჯორჯე სიმიონი პარტია „ალიანსი რუმინელთა ერთობისთვის” ლიდერი და ულტრანაციონალისტად მიჩნეული პოლიტიკოსია.