თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ორი მაისის სხდომაზე, 2006 წელს, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულთა მშობლებს მოუსმინეს.
საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული სამი ახალგაზრდა, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახლადდანიშნულმა ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, პატიმართა შორის და საზოგადოებაში შიშისა და ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის” სინდრომის დანერგვისათვის, გადაწყვიტეს საზოგადოებისათვის განსაკუთრებული სისასტიკე ეჩვენებინათ.
„ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ტერორისტები გყოლიათ თქვენო, ასე ეუბნებოდნენ.
სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით, ღმერთმა დაინახა. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ, რომ ნახა შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა.
ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა, სიმწრისგან. დედის ჯავრი ვიღას ჰქონდა, შვილი იქ ესვენა, დასასაფლავებელი იყო. დავასაფლავეთ, მეუღლემ აღარ მოიკეთა. ბევრი ვიტანჯეთ. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“, – განაცხადა მოკლული მარად ართმელაძის მამამ მიხეილ ართმელაძემ.