„პირველი მაისის ერთობა“ – მშრომელთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
დემონსტრანტები ორბელიანის მოედანზე, სწორედ იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც 124 წლის წინ, 1901 წლის პირველ მაისს პირველად შეიკრიბნენ საქართველოს მშრომელები. აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები, სტუდენტები, მუსიკოსები, მეცნიერები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები შეუერთდნენ.
განსხვავებული პროფესიების მიუხედავად მათი გზავნილი საერთო იყო. მშრომელები საქართველოში არსებულ სოციალურ უთანასწორობაზე, შრომითი უფლებების დარღვევასა და არსებულ ანაზღაურებასა თუ სახელმწიფო შემწეობასთან შეუსაბამო ფასებზე მიუთითებდნენ. მათი შეფასებით, მინიმალური ხელფასი, რომელიც ბოლო 1999 წელს დაწესდა და 20 ლარით განისაზღვრა, ვერანაირად ვერ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს.
ვიდრე მოქალაქეები ორბელიანის მოედანზე შეიკრიბებოდნენ, მათი ნაწილი ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე თვეა, მაღაროელთა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. დედაქალაქში დაბრუნებულებმა კი მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა ჭიათურის მოსახლეობას. ორბელიანის მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდნენ ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც პროევროპული დემონსტრაციების ფარგლებში, მათი თქმით, სამოქალაქო პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო გაათავისუფლეს.