მთავარისაქართველოუქმდება თუ არა ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი საგარეო საქმეთა სამინისტროში - უწყების განმარტება

უქმდება თუ არა ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი საგარეო საქმეთა სამინისტროში – უწყების განმარტება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს.

„თავის მხრივ, ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება ოთხი სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ თემასთან დაკავშირებით “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2025-ი წლის 29-ა აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, საქმის წარმოების ელექტრონული სისტემისა და მინისტრის ელექტრონული წერილის საშუალებით ეცნობათ სამინისტროში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს ახალი სტრუქტურა შესაბამისი პროცედურების დასრულებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დამტკიცდება და პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

“პროფესიული კავშირი-კონსტიტუციის 78-ე მუხლის” განცხადებით, საგანგაშოა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური მიმართულებები, როგორებიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრება და აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები, ახალ სტრუქტურაში წარმოდგენილია დაკნინებული ფორმით.

კერძოდ, ის მიმართულებები, რომლებიც აქამდე ცალკე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შედიოდა და მინისტრის მოადგილეების უშუალო დაქვემდებარებაში იყო წარმოდგენილი, პროექტის მიხედვით, ერთიანდება ახალ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში, რომელთა მიზანი, როგორც მინისტრის წერილშია აღნიშნული, „სუვერენული საგარეო პოლიტიკის გამტკიცებაა.” განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ ცვლილებების შესაბამისად, აშშ-სთან ურთიერთობა განიხილება გლობალური საკითხების ჭრილში, ნატო – რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კონტექსტში, ევროკავშირი კი ევროპასთან ურთიერთობის ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში. “აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უქმდება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი – სტრუქტურული ერთეული, რომლის არსებობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და რომელიც უკიდურესად მოწყვლადია საინფორმაციო ოპერაციების მიმართ, კატეგორიულად აუცილებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend