მთავარისაქართველო„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება რეგიონული კონფერენციები, შემდეგ კი პარტიული ყრილობა, სადაც „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მანვე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მოსალოდნელია „მცირედი ცვლილებები“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, განურჩევლად იმისა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში ოპოზიცია, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ისინი დამარცხებისთვის არიან განწირულნი“.

„უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ისაუბრა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზეც. როგორც ის განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, „დამნაშავედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიის სატელიტმა პარტიებმა ან კონკრეტულმა პირებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება“.

მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან დატოვებისა და პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შესახებ 25 აპრილს განაცხადა. ექსპრემიერი საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში გეგმავს, თუმცა არც პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება გამოურიცხავს. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის კვლავ დარჩება „ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ერთგულ ჯარისკაცად“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend