თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოზე ჩვენება მისცა ორმა პოლიციელმა, რომლებმაც ბრალდებულის სახლი გაჩხრიკეს. მათ განაცხადეს, რომ ჩხრეკის დროს კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ.
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის თქმით, მას საქმეზე აქვს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე აბრამოვის ბიოლოგიური კვალი იპოვეს. თედო აბრამოვის ადვოკატის, ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით კი, ბრალდებულს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროს ბრალდებულის უფლებები დაირღვა.
„თევდორე აბრამოვისგან საკვლევი მასალა, ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა კანონდარღვევით ამოიღეს, ანუ პირადი ჩხრეკაა კანონდარღვევით ჩატარებული, რადგან საფუძველი არ არსებობდა. ეს ნარკოტიკული საშუალება თევდორე აბრამოვს არ ეკუთვნოდა, მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ, ის თან ჰქონდა პოლიციას. თევდორე აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალა პირადი ჩხრეკის პროცედურების დროს მოტყუებით მისი პირის ღრუდან მიიღეს, თითქოს, ბრეკეტების ჩვენების მიზნით”, – განაცხადა თედო აბრამოვის ადვოკატმა ინგა ჯანიბეგაშვილმა.
თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საპროტესტო აქციაზე მიმავალი საკუთარ სახლთან დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.