საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა.
ძალოვანი სტრუქტურის განმარტებით, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბლაგვი საგანი ესროლა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს მკურნალობა საქართველოში ჩაუტარდა, მოგვიანებით ის შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად თურქეთის რესპუბლიკაშიც გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მხედველობის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხეს.
დაშავებული სამართალდამცველების შესახებ ბოლოს განცხადება 2024 წლის 8 დეკემბერს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა და თქვა, რომ საპროტესტო აქციების დაშლისას ძალოვანი სტრუქტურის 150-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა.
ძალოვანი უწყების თანამშრომლების გარდა დემონსტრაციების სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ცრემლსადენი აირით, წყლის ჭავლითა და ე.წ. „წიწაკის სპრეით“ ძალადობრივად დაშლის შედეგად, ასობით მოქალაქე დაშავდა.
საპროტესტო აქციებისას დაშავებული დემონსტრანტების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ბოლო მონაცემებით, პროტესტი 400-ზე მეტი მონაწილე დაშავდა. მათ ნაწილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.