„ერთ მშვენიერ დღეს შვილო, ფანჯარასთან ვზივარ… 8 წლის ვიყავი, „მელიციებით” შეშინებული ვიყავი – შემოწმებაზე დადიოდნენ, იმ გაკულაკებულ ხალხს საჭმელს – სიმინდს, ხორბალს, ვისაც რა ჰქონდა ქონება, აწერდნენ და ართმევდნენ. ჰოდა, დავიძახე: ვაიმე, დედა, მელიცია მოდის-მეთქი. ერთი 5-6 კაცი იყო მელიციონერი”, – ასე იხსენებს 1926 წელს თუშეთში დაბადებული კატო ბაძოშვილი 1933 წელს მისი ოჯახის გადასახლების ამბავს. ინტერვიუ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრებმა 2013 წელს სოფელ ზემო ალვანში ჩაწერეს.
90 წელს მიტანებული კატო ბაძოშვილი, მისი ოჯახის გაკულაკებისა და გადასახლების ამბავს სახასიათო თუშურ დიალექტზე ჰყვება.
1933 წელს თუშეთიდან ჩრდილოეთ ყაზახეთში გადასახლებულმა ოჯახმა უმძიმეს პირობებში სამი წელი გაატარა. გადასახლებაში გარდაიცვალა კატოს მამა, რის შემდეგაც ოჯახმა მშობლიურ სოფელში დაბრუნების ნებართვა მიიღო. კატო ბაძოშვილი ზემო ალვანში ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.
„შემოვიდნენ და აბა, სასწრაფოდ გაემზადეთო, თუ რამე გაქვთ წასაღები – ლოგინი, ეს, ის, ყველაფერი გაამზადეთ, უნდა გადაგასახლოთო… ოთხი სული ვიყავით – სამი შვილი, დედა და მამა. უფროსი მე ვიყავი – 8 წლისა და ორი მომდევნო. ყველაზე პატარა სამი წლისა გვყავდა. გაამზადეს ყველაფერი და სამი ურემი მოვიდა. მაშინ მანქანები არ იყო, რა თქმა უნდა. ურემზე დაალაგეს ეს ჩვენი ბარგი, დაგვსხეს ჩვენც და წაგვიყვანეს თელავში”, – იხსენებს კატო ბაძოშვილი.
სწორედ 30-იანი წლების დასაწყისს უკავშირდება იძულებითი კოლექტივიზაციის პირველი ტალღა, რომელსაც სოფლის მოსახლეობის ტერორი და წინააღმდეგობის გამო მათი გაკულაკება – დასჯა/გადასახლება მოჰყვა.
სხვა გაკულაკებულების მსგავსად ბაძოშვილების ოჯახიც მატარებელში ჩასვეს და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს. მშობლიური მიწა-წყლიდან ოჯახების მასობრივი აყრა და გადასახლება წლების განმავლობაში სტალინური ტერორის განუყოფელი ნაწილი იყო. ამ პროცესის ამსახველი საარქივო დოკუმენტური კადრების მოძიება რუსულ ინტერნეტწყაროებში ამ დრომდე შესაძლებელია. უნიკალური კადრები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მიმდინარეობდა იძულებითი გადასახლების პროცესი.
„ვიარეთ 32 დღე, ერთ ვაგონში ვიყავით 6 კომლი, შუაში გასავლელი იყო – აქეთ სამი „კოიკა”, იქით სამი „კოიკა”. წაგვიყვანეს ციმბირში, საითაც გინდა მიგეხედა, გეგონებოდა ცა უერთდებოდა დედამიწას. არც ხე, არც მთა, არც სახლი – არაფერი არ ჩანდა. ეძახდნენ „ნოვი ციმბირს“”, – ამბობს ბაძოშვილი.
როგორც კატო ბაძოშვილი იხსენებს, შორტანდის რაიონში მატარებლით გადაყვანილი ოჯახები ტრიალ მინდორში, ღია ცის ქვეშ დატოვეს. სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა თუ აღმსარებლობის ხალხი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იქ თვეების განმავლობაში კარვებში ცხოვრობდა, მუშაობდა და სახლებს იშენებდა, რომ ზამთრის დადგომამდე თავშესაფარი ჰქონოდათ. სახლის აშენება ყველა მათგანმა ვერ მოასწრო.
„მრავალშვილიანი დედები გარეთ დარჩნენ, ზოგი პალატკებში და ძალიან ბევრი ბავშვი დაიხოცა, გაიყვანდნენ და თოვლში მარხავდნენ. გაზაფხულზე დედები დადიოდნენ და თავიანთი შვილების ძვლებს აგროვებდნენ. (ტირის) მამაჩემი დიდხანს არ დაგვრჩა, მალე გარდაიცვალა.
ერთხელ მე გარეთ ვთამაშობდი – რაღაცებს ვაშენებდი და მესმის, შიგნით დედაჩემი მამაჩემს როგორ ეჩხუბება – შენო, პურს რატომ არა ჭამ, ეგრე როგორ შეიძლებაო? მე კაკოს მეძახოდა მამა. კაკომ რომ პური მთხოვოს და არ მქონდეს მისაცემი პური – თავს მოვიკლავო – ასე უპასუხა”, – იხსენებს კატო ბაძოშვილი.
ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე გეოგრაფიულადაც მრავალფეროვანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და დედაქალაქის გარდა ეს ამბები უცხოეთში გადასახლების ადგილებში ცხოვრების დეტალებსაც ასახავს. სოვლაბის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი რეპრესირებული ხანდაზმული ქალისგან ინტერვიუს აღების პროცესს იხსენებს.
„რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. კატო ბაძოშვილი იმ მცირერიცხოვანი დარჩენილი ჯგუფიდან იყო ალვანელი წოვა თუშების – ბაცბების, რომლებიც ბაცბურ ენასა და თუშურ დიალექტზე საუბრობდნენ. ეს ზეპირი ისტორიაც თუშურ დიალექტზეა ჩაწერილი, ამიტომ ენობრივი თვალსაზრისითაც სრულიად უნიკალური მასალაა”, – ამბობს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

ბაძოშვილის ნაამბობი ერთ-ერთია ასეულობით იმ რეპრესირებულთა მონათხრობიდან, რომელთა შეგროვებაც „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” 2010 წელს დაიწყო. ორგანიზაციის უნიკალური საზოგადოებრივი არქივი ამჟამად აერთიანებს ასეულობით რეპრესირებულისა და მათი შთამომავლების ნაამბობს, რომელთა ერთი ნაწილიც, 1921-35 წლის ამბები, ცოტა ხნის წინ წიგნად გამოიცა.
„მოვახერხეთ უშუალო მსხვერპლთა პოვნა და მათი ჩაწერაც, ვინც ბავშვი იყო 32-34 წლებში და მთელი ოჯახებით გადაასახლეს. გადავწყვიტეთ, რომ შეგვერჩია ამ არქივიდან ჩანაწერები და გამოგვეცა როგორც კრებული, ფოკუსით – საბჭოთა რუსული ოკუპაცია და ტოტალიტარიზმი პოლიტიკური და მასობრივი რეპრესიები მსხვერპლთა პერსპექტივიდან. თუმცა ეს გამოცემა ტოტალიტარული რეჟიმის სპექტრსა და რეალურ დღის წესრიგს მთლიანად ასახავს – რამდენად მასშტაბური და დაუნდობელი რეპრესიები განახორციელეს 20-იან და 30-იან წლებში და როგორ ეხებოდა ეს თითქმის ყველა ფენასა და ყველა ჯგუფს”, – ამბობს ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში ირაკლი ხვადაგიანი.
ამჟამად „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” მუშაობს გამოცემის მეორე ნაწილზე, რომელიც დიდი ტერორის პერიოდს – უფრო ზუსტად 1936-დან 1953 წლამდე მოვლენებს ასახავს. მზადებაშია წიგნის მესამე ტომიც, რომელიც უფრო გვიანი საბჭოეთის – სტალინის გარდაცვალების შემდგომ წლებს აღწერს.
„პირადად მე მიმუშავია 100-მდე ზეპირ ისტორიაზე, ვყოფილვარ ხან ისტორიკოსი-ინტერვიუერი, ხან – უბრალოდ მსმენელი, რომელიც ეხმარება მკვლევარს ამ ყველაფერში, შემიძლია ვთქვა, რომ 500-700, შეიძლება მეტი ისტორია დაგროვდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენი არქივი არ მოიცავს მხოლოდ რეპრესიებსა და წითელ ტერორს, ის ასევე ასახავს გვიანი საბჭოთა პერიოდიდან ზეპირ ისტორიებს, რომლებიც ნელ-ნელა ქრება. შეიძლება ვთქვათ, რომ პირველადი ფორმით მეხსიერება გამქრალია და მხოლოდ შვილებს შეუძლიათ ილაპარაკონ მშობლების გამოცდილებაზე, ან აქა-იქ შეიძლება იყვნენ დარჩენილი ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ თავიანთ თავზე გამოცდილი და გადატანილი ტერორი. მკვლევრისთვის დიდი გამოწვევაა, რომ ეს ტრავმული მეხსიერება როგორმე გააცოცხლოს და რესპონდენტი განაწყოს საიმისოდ, რომ მან გადმოგვცეს სრულყოფილად გამოცდილება, რომელიც აქვს“, – გვეუბნება „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” კიდევ ერთი მკვლევარი ბადრი ოყუჯავა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიშრომეთ, გვეპოვა ეს ადამიანები, გაგვიმართლა, რომ მივუსწარით ზოგიერთ მათგანს, რადგან მათ დაგვიტოვეს ხელშესახები ფორმით ეს მეხსიერება… იყო მარცხის ბევრი ეპიზოდიც, შესავალშიც არის ნათქვამი, რომ მივსულვართ ძალიან უნიკალური, უმძიმესი ისტორიის მქონე ადამიანთან, მაგრამ მან არ ისურვა საუბარი და ეს ჩანაწერი არ შედგა. სამწუხაროდ, ეს გამოცდილება უკვე უკვალოდ იქნება დაკარგული მომავალი თაობისთვის… ესეც არის ერთგვარი ილუსტრაცია, თუ რა დამართა ტოტალიტარულმა სისტემამ ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც გაურბოდნენ ამ ამბების გახსენებას, ტკივილისა და შიშის სინდრომის გამო მიაჩნდათ, რომ ამაზე საუბარი არის სახიფათო და არასასურველი”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
როდის იხილავს დღის სინათლეს გამოცემის მეორე და მესამე ნაწილი, ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყოფილი საბჭოთა უშიშროების არქივი ბოლო წლების განმავლობაში მკვლევრებისთვის სრულად დაიხურა.