მთავარისაქართველო„ცეცხლის ალში გახვეული კრემლი”

„ცეცხლის ალში გახვეული კრემლი”

ცეცხლში გახვეული კრემლი – უკრაინის პრეზიდენტის საძინებელში გამოჩენილმა ნახატმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ბევრმა, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში, ნახატის შინაარსი მოიწონა, რუსეთში კი ამის გამო უკრაინის პრეზიდენტი მრავალჯერ გააკრიტიკეს. ამ ნამუშევრის ავტორი ქართველი მხატვარი სანდრო ანთაძეა. მან ის 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნა.

„რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, ძალიან გავბრაზდი, იმიტომ, რომ რუსეთის იმპერიის, ამ გაუთავებელი აგრესორისა და ოკუპანტის  როლი არასდროს  დამთავრდა. რამენაირად უნდა გამომეხატა ბრაზი.  მინდოდა, დამეხატა რამე, რაც ასახავდა ჩემს დამოკიდებულებას – რომ იგივე მესურვა რუსეთის მთავრობისთვის, რასაც ის სხვებს უკეთებს. მოდი, ასე ვთქვათ. რუს ხალხს არ ვუსურვებ იმავეს. იქითა ფონზე ჩანს, რომ მე ხალხს არ ვერჩი. უკან არის სახლები, სადაც სინათლე და სიმშვიდეა. იდეა მოსკოვის აფეთქება არ არის. ამ ნამუშევარს  სიმბოლური დატვირთვა აქვს – უნდა დამთავრდეს მათი იმპერიალისტური, დამპყრობლური პოლიტიკის გატარება მთელ მსოფლიოში”, – ამბობს სანდრო ანთაძე.

სანდრო ანთაძემ ნახატს, რომლის სამი ასლი შექმნა „ოცნება“ უწოდა.

„საკმაოდ ამბიციური იდეა მომივიდა. ზოგადად არ ვარ ძალიან ამბიციური, თუმცა,  მინდოდა, რომ ამ ნახატს რაღაც დანიშნულება ჰქონოდა.  ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა აზრი აქვს, მე რომ მქონდეს. სად უნდა ეკიდოს ან ვინ უნდა ნახოს-მეთქი, რომ საბოლოოდ ეს მიზანი აღსრულებულიყო. შემდეგ ასეთი იდეა მომივიდა, ნახატი ზელენსკისთვის გამეგზავნა, რადგან სწორედ უკრაინელებმა უნდა შეხედონ ხშირად მას. ეს იდეა იმ დროისთვის  საკმაოდ აბსურდული იყო, რადგან ომი იყო გაჩაღებული“,- ამბობს სანდრო ანთაძე ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში.

სანდრო ანთაძემ ნაცნობების დახმარებით ნამუშევარი კიევში გაგზავნა, სადაც ის პრეზიდენტის აპარატს გადაეცა. გავიდა დრო, მაგრამ ანთაძეს არავინ დაკავშირებია, ამიტომ იფიქრა, რომ ნახატმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.

თუმცა ნახატი უკვე ეკიდა უკრაინის პრეზიდენტის ოთახში. ის 2024 წლის იანვარს, ახალ წელს ჩაწერილი ვიდეომიმართვისას გამოჩნდა.

„პირველი იანვარს ჩემი მეგობარი მიგზავნეს ვიდეოს, რომელშიც  პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართავს ხალხს.  ერთ-ერთ კადრში გამოჩნდა ჩემი ნამუშევარიც“, – იხსენებს სანდრო ანთაძე.

„მტერმა რამდენი რაკეტაც არ უნდა გვესროლოს, რამდენჯერაც არ უნდა დაგვბომბოს და რამდენი საზიზღარი, დაუნდობელი, მასშტაბური იერიში არ უნდა მოიტანოს ჩვენზე, უკრაინელების გატეხის, დაშინების, უკრაინის მიწაზე დაცემის, მიწისქვეშეთში განდევნის მიზნით, ჩვენ მაინც აღვდგებით. რადგან ის, ვისაც ჩვენს მიწაზე ჯოჯოხეთი მოაქვს, ერთ დღეს ამ ჯოჯოხეთს საკუთარი ფანჯრებიდან დაინახავს,“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში, სადაც სანდრო ანთაძის ნამუშევარი და კრემლის ფანჯრებიდან გამოსული ცეცხლის ალი სიმბოლურად მაშინ გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ბოლო ფრაზას წარმოთქვამს.

„რაღაცნაირი გრძნობა არის… სიამაყის. ახლაც რომ მახსენდება, მაჟრიალებს… არც პოლიტიკოსი ვარ, არც ძალიან ცნობილი მხატვარი. უბრალოდ, იდეა რომ განხორციელდა და ჩავიდა იქ, სადაც უნდა ჩასულიყო და  კიდია იქ, სადაც უნდა ეკიდოს… ეს სიამაყესა და სიამოვნებას მგვრის“.

სანდრო ანთაძე ამბობს, რომ „ოცნების“ კიევში გაგზავნას სხვა სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ეს გარკვეულწილად, ქართველი ხალხის საჩუქარი იყო.

„მინდოდა, მეთქვა, რომ  ჩვენ თქვენთან ვართ. მართალია, იმ დროის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საპირისპიროს ამტკიცებდა და ახლაც ასეა, ჩემი გზავნილი მაინც სწორედ ის იყო, რომ ჩვენ მათთან ვართ“.

თუმცა მხატვარი აცნობიერებს, რომ მსგავსი შინაარსის ნამუშევრის შექმნა შეიძლება გარკვეულ რისკებთანაც იყოს დაკავშირებული.

„ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. ახლა შეიძლება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ჩემით დაინტერესდეს და გარკვეული სადამსჯელო ნაბიჯებიც მოჰყვეს. თუმცა მე ამით ჩემი ემოციური მდგომარეობა გამოვხატე“, – ამბობს სანდრო ანთაძე.

უკრაინის პრეზიდენტის საძინებელში ცეცხლის ალში გახვეული კრემლის ნახატის გამოჩენამ რუსეთის მთავრობა გააღიზიანა.

„ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებდი. ეს ალბათ ყველაზე კარგად აჩვენებს იმ ადამიანის სულიერი განვითარების დონეს და მის შინაგან მდგომარეობას, რომელიც ასეთი ნახატების წინ პოზირებს. ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მათზე, ვინც ამას აქვეყნებს და  ასეთი ნახატების წინ თავს იწონებს,  დადებითად ვერ აისახება,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის სასახლეში სანდრო ანთაძის ნამუშევრის გამოჩენას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ორი სიტყვით გამოეხმაურა: „ფსიქიატრიულის პალატა“.

ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ კრემლში „არავის მოაფიქრდებოდა, ცეცხლში გახვეული კიევის ქუჩების ნახატი შეეკვეთა“.

„მინდა განვაცხადო, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს ნახატი ჩემთვის არ შეუკვეთავს. ეს ჩემი იდეა და საჩუქარი იყო. მიკვირს მათი  განცხადება, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ნახატია. ისინი კი რეალურად წვავენ მთელ უკრაინას“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend