მთავარიაზიაჩინეთი„დათმობა გამოსავალი არაა” - პეკინი აშშ-სთან „ბოლომდე იბრძოლებს"

„დათმობა გამოსავალი არაა” – პეკინი აშშ-სთან „ბოლომდე იბრძოლებს”

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში 11 აპრილი ესკალაციის დღეა. ვაშინგტონის მიერ დაწესებული უპრეცედენტო ტარიფების შემდეგ პეკინმაც არ დააყოვნა, ამერიკულ პროდუქციაზე 84%-იანი ტარიფი 125%-მდე გაზარდა.

„ამაზე შორს წასვლას არ ვაპირებთ” – ამბობენ ჩინეთში. თუმცა იმავეს ამბობდნენ შტატებშიც, ვიდრე ჩინურ პროდუქციაზე 10 აპრილს უპრეცედენტო, 145%-მდე ტარიფი არ დაწესდა.

„ჩინეთმა და ევროპამ უნდა შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, ერთობლივად დაიცვან ეკონომიკური გლობალიზაციის ტრენდი, საერთაშორისო სავაჭრო გარემო. ასევე ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა „დაშინებისკენ” მიმართულ ცალმხრივ ქმედებებს. მე ახლახან ბრაზილიის პრეზიდენტ ლულასა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ რამაფოსასთან ერთად თანაავტორობა გავუწიე სტატიას, რომელიც მულტილატერალიზმის მხარდაჭერისკენაა მიმართული, რათა დავიცვათ კაცობრიობის საერთო სიკეთე, წინააღმდეგობა გავუწიოთ იზოლაციონიზმს, ცალმხრივობასა და განცალკევებას”, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

სი ძინპინმა ეს განცხადება გააკეთა პეკინში ვიზიტით მყოფ ესპანელ პრემიერთან შეხვედრისას, რომელსაც გაუმეორა ის, რაც ევროპას აქამდეც უთხრა, რომ აშშ-ის „დაშინების” პოლიტიკას წინ ერთად აღუდგნენ. ევროპა არ ჩქარობს, რადგან დონალდ ტრამპმა ჩინეთისგან განსხვავებით დაწესებული 25%-იანი ტარიფი ევროკავშირს 90 დღით გადაუვადა. ბრიუსელი ამ დროის გამოყენებას პრაგმატულად გეგმავს.

„თუ აშშ-ის მხრიდან ვერ დავინახავთ ქმედებასა და ნებას, უარი თქვას ამგვარ სატარიფო პოლიტიკაზე, ჩვენ მოგვიწევს დავიცვათ საკუთარი ეკონომიკა ჩვენი კომპანიების საპასუხო ზომებით”, – აღნიშნა ვალდის დომბროვსკიმ, რომელსაც ევროკომისიაში ეკონომიკისა და პროდუქტიულობის საკითხები აბარია.

ჩინეთი ერთადერთი გამონაკლისია, რომელზე დაკისრებული ტარიფებიც ვაშინგტონმა არათუ ძალაში დატოვა, არამედ გაზარდა კიდეც. მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტი პეკინის მხრიდან პატივისცემის ნაკლებობას ასახელებდა მსოფლიო ბაზრების მიმართ. მანამდე პრეზიდენტს შედარებით მეგობრული ტონი ჰქონდა.

„ვნახოთ, რა იქნება ჩინეთის შემთხვევაში. ჩვენ ვისურვებდით გარიგებას. ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით და ეს დიდი ხანია გრძელდება. ისინი სხვებზე მეტად გვძარცვავდნენ. როგორ უშვებდნენ ამას ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ადგილას აქ ისხდნენ, უბრალოდ დაუჯერებელია. ჩვენ მაგიდა გადავალაგეთ, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს გავუგებთ. დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ სის. ის ჩემი მეგობარი იყო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერს ორივე ქვეყნისთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. ამის იმედი მაქვს”, – განაცხადა 10 აპრილს დონალდ ტრამპმა.

ამ განცხადების შემდეგ ვითარება გართულდა. შედეგად ჩინეთმა სამართლებრივ გზებსაც კი მიმართა. მათი მხრიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უკვე შესულია საჩივარი აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჩინეთმა დავა მოიგო, იმავეს იმედი აქვთ ახლაც.

„აშშ-ის დაშინებისა და ჰეგემონობის წინაშე კომპრომისი და დათმობა არაა გამოსავალი. ჩინეთი პასუხისმგებლიანი ქვეყანაა. ჩვენი საპასუხო ზომები აშშ-ის დაშინების წინააღმდეგ არ არის მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმური უფლებისა და ინტერესების დაცვა. ესაა საერთაშორისო წესრიგის, ყველა ქვეყნის საერთო ინტერესის, სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვა”, – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არავინ იცის, სადამდე მიიყვანს მსოფლიოს სავაჭრო სისტემის რყევა, ბოლო კვირაა საფონდო ბირჟებზე ვითარება არასტაბილურია. მიზეზი შტატების ახალი სატარიფო პოლიტიკაა, რომელიც სხვების შეფასებით ინფლაციას, ტრამპის შეფასებით კი წარმატებას იწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend